როგორ შეიძლება რუსეთს თავი მოაწონო, როცა დღედაღამ ამბობ, რომ რუსეთი ოკუპანტია და სხვადასხვა საერთაშორისო ინსტანციაში ყველა ანტირუსულ რეზოლუციას მხარს უჭერ. მე ვიცნობ მოსკოვური პოლიტიკური ელიტის მანერებსა და აზროვნების ლოგიკას, დიდხანს მქონდა მათთან ურთიერთობა, უაღრესად გაღიზიანებული არიან, - ასე უპასუხა უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ “კვირის პალიტრის” შეკითხვას, ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობა, რომ რუსეთს თავი მოაწონოს.
როგორც არეშიძემ განმარტა, არ არის გამორიცხული, მოსკოვის პოლიტიკური ელიტა კანონის მხარდამჭერი განცხადებებით განგებ ცდილობდეს საქართველოში ვითარების დაძაბვას, ვინაიდან, კარგად იციან, რომ მათი დადებითი პოზიცია საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია.
“თქვენ გგონიათ, რადგან ისინი დადებითად ლაპარაკობენ ამ კანონის თაობაზე, ამიტომ ხელისუფლების მომხრეები არიან? არა! არ გამოვრიცხავთ იმ ფაქტორს, რომ სიტუაციის გასამწვავებლად ლაპარაკობენ. ძაბავენ ვითარებას, იმიტომ, რომ იციან, მათი დადებითი პოზიცია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია და განცხადებებით ამძიმებენ მდგომარეობას.
როცა საზოგადოება დაპირისპირებულია, მაშინ სახელმწიფოს მშენებლობა დამუხრუჭებულია.” - განაცხადა მამუკა არეშიძემ.