28 აპრილი 2024,   07:42
ვრცლად
ნატო-საქართველოს საპარლამენტო საბჭოს სხდომა დღეს სრულდება
ნატო-საქართველოს საპარლამენტო საბჭოს სხდომა დღეს სრულდება. ქართულ დელეგაციას შეხვედრები ექნებათ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან და ალიანსის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს მუდმივმოქმედ წარმომადგენლებთან. 
 
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ამბობს, რომ საუბარი შეეხება საქართველოს და ნატო-ს ურთიერთობას, ასევე ქვეყნის ინტეგრაციას ალიანსში.
 
"გვექნება შეხვედრა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე ალიანსის რამდენიმე წევრი სახელმწიფოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის ხელმძღვანელებთან. საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და იმ ნაბიჯებზე, რაც უნდა გადაიდგას ალიანსის, ისევე როგორც მოკავშირეების მხრიდან, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისთვის," - აცხადებს ბერაია.
 
ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ვიქტორ დოლიძის თქმით, ძირითადი გზავნილი ქართული დელეგაციის მხრიდან ინტეგრაციული პროცესების მაქსიმალურად გაღვივებაა.
 
"გამწვავებულ, როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო ფონზე, გვინდა რომ ინტეგრაციული პროცესები მაქსიმალურად გავაღვივოთ ჩვენს პარტნიორებთან და სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად. ეს არის ძირითადი გზავნილი, ძირითადი მესიჯი ჩვენი მხრიდან. საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა - ჩვენი გაძლიერებული მხარდაჭერა თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და ურთიერთთავსებადობის თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტია," - თქვა დოლიძემ.
დღის ამბები