28 აპრილი 2024,   09:39
ვრცლად
ერთი წელი ომიდან და დღე, რომელმაც მსოფლიო შეცვალა - როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ

2022 წლის 24 თებერვლის დილის 4 საათი, უკრაინა აფეთქებების ხმამ გააღვიძა. კიევსა და ქვეყნის დიდ ქალაქებზე სარაკეტო იერიში დაიწყო, პარალელურად, შეტევაზე გადადის საოკუპაციო ძალის სახმელეთო შენაერთები.

რამდენიმე კვირაში რუსული ჯარი ყირიმის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ჩათვლით ქვეყნის 28 პროცენტს აკონტროლებს, მათ შორის, ათობით ქალაქს და დასახლებას. დედაქალაქამდე აგრესორს სულ 30 კილომეტრი აშორებს.

უკრაინა წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს, როგორც შეიარაღებული ძალების, ისე რიგითი მოქალაქეების დონეზე. მოსახლეობა იძულებულია რუსულ აგრესიას გაექცეს. 8 მილიონი ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა, დაახლოებით ამდენივემ თავი ევროპის ქვეყნებს შეაფარა.

მათ, ვინც გასვლა ვერ მოასწრო, რუსი ჯარისკაცები აწამებდნენ, კლავდნენ ყველგან - ქუჩებში, სახლებში, სარდაფებში. კვალის დაფარვის მიზნით ცხედრებს უზარმაზარ ორმოებში ყრიდნენ. დანაშაულს კრემლი არ აღიარებს.

გაეროს ოფიციალური მონაცემებით, ინტერვენციის დაწყებიდან მოკლულია 7000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. დაშავდა 12,000-მდე ადამიანი, თუმცა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დასძენს, რომ არაოფიციალური სტატისტიკა გაცილებით შემაშფოთებელია.  

რუსულმა, ე.წ. მშვიდობამ არც 461 უკრაინელი ბავშვი დაინდო. მათგან 32-ის ცხედარი იმდენად დასახიჩრებულია, რომ სპეციალისტებმა სქესის დადგენა ვერ მოახერხეს.

ამ დროს კი საოკუპაციო ძალის ჭურვები აფეთქებდა სამშობიარო სახლებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რომლის სარდაფებს თავს რამდენიმე ასეული ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვნები აფარებდნენ.

მსხვერპლის მიუხედავად, 2500-ზე მეტი მებრძოლი მარიუპოლის დატოვებაზე უარს ამბობდა. თითქმის 100 დღის განმავლობაში "აზოვსტალში" გამაგრებული სამხედროები რუსულ არმიას წინააღმდეგობას უწევდნენ. 16 მაისს, საბრძოლო მასალის ამოწურვის და დაჭრილების გადარჩენის მიზნით, "აზოველები" ტყვედ ჩაბარდნენ.

მალევე პუტინმა ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის ფედერაციაში მიღებასთან დაკავშირებულ დოკუმენტს მოაწერა ხელი.

დე-ფაქტო ლიდერებთან ზეიმის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა დასავლეთის ლიდერებს მიმართა. ზელენსკი იღებს პირობას, რომ პარტნიორების მხრიდან რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდება, უკრაინა კი თავდაცვით შეიარაღებას მიიღებს.

ქვეყანაში შევიდა დასავლეთის მიერ მოწოდებული მძიმე ტექნიკის და თავდაცვითი შეიარაღების პირველი ნაწილი. ჯავშანსაწინააღმდეგო "ჯაველინი", საარტილერიო-სარაკეტო სისტემა "ჰაიმარსი". უახლოეს პერიოდში უკრაინაში ჯავშანმანქანა "ბრედლი" და "სტრაიკერი" გამოჩნდება. რუსული ინტერვენციის დაწყებიდან 10 თვის თავზე ვოლოდიმირ ზელენსკი პირველად ტოვებს ქვეყანას და მიემგზავრება ვაშინგტონში. ომის 361-ე დღეს კი, კიევს მოულოდნელი ვიზიტით სტუმრობს ჯო ბაიდენი.

ვაშინგტონის გარდა, კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით ამარაგებს თურქეთი. ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვაში უკრაინას დახმარების ხელს სულ უფრო მეტი ევროპელი ლიდერი უწვდის, მათ შორის, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ზელენსკის შინ, ევროპაში დაბრუნებას ულოცავს.

ახლა კრემლის მთავარი ამოცანა, ლუგანსკის და დონეცკის ოლქებზე სრული კონტროლის დამყარებაა. გრძელდება ბრძოლა ბახმუტისთვის. ქალაქი რუსული ჯარის ალყაშია. კიევი უკან დახევას და მოსკოვთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. ქვეყნის მეთაურს მსოფლიოს დახმარების იმედი აქვს. პოზიციას არ ცვლის პუტინიც, ომი გრძელდება.

დღის ამბები