სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტის მოქმედი ვიცესპიკერის ლევან იოსელიანის კანდიდატურა პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა. იოსელიანი ომბუდსმენის თანამდებობაზე დასახელებულია პოლიტიკურ ჯგუფ "მოქალაქეების" მიერ.
ბიუროს გადაწყვეტილებით, იოსელიანის კანდიდატურა განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა.
"გუშინწინ ჩვენ რომ დაგვესახელებინა კანდიდატი თქვენ მეუბნებით, რომ ჩაატარებდით ბიუროს სხდომას, გამოაცხადებდით, რომ კანდიდატი დასახელებულია, ზეგ კომიტეტი შეიკრიბება თუ როცა შეიკრიბება, ორშაბათს განიხილავთ და წავედით კენჭისყრაზე. ძალიან მარტივ რამეს გთავაზობთ, რომ ან პოლიტიკური ჯგუფები შევთანხმდეთ, ავიღოთ სიტყვაზე ერთი კვირა დღეიდან, ერთი კვირის განმავლობაში თუ დაასახელა ვინმემ - დაასახელა, თუ არა - იმის მერე ჩავთვალოთ, რომ შევწყვიტეთ დასახელების პროცესი," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ თუ კანდიდატის დასახელების სურვილი სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც აქვთ, შეუძლიათ დაასახელონ, ვიდრე საკითხს კომიტეტი განიხილავს და პარლამენტს გადაწყვეტილების მისაღებად გადასცემს. სპიკერის თქმით, სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტი რეგლამენტში გათვალისწინებულ წესს დაუბრუნდა.
"ბატონო დავით, მაკვირვებს თქვენი კონსტრუქციულობის დესტრუქციულობა. კიდევ ერთხელ, არის რეგლამენტი, წესები. გაქვთ სურვილი? - დაასახელეთ დღეს, პირობას გაძლევთ, ხვალ ჩავატარებთ ბიუროს. დღეს 2 მარტია, მე როგორც გითხარით 1 იანვრიდან იყო ეს შესაძლებლობა და ვნახეთ, რომ არავინ იყენებდა ამას. ერთმა ჯგუფმა გამოიყენა. 2 თვე გავიდა, ვადა და თვე დათქმული არ იყო, მაგრამ ყველას ჰქონდა შესაძლებლობა. მე რისი თქმა მინდა, რომ ასე რაიმე ვადას ვერ დავაწესებთ," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.