19 მარტს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში, ბორჯღალოსნები პორტუგალიას შეერკინებიან. მატჩი, თბილისის დროით, 23 საათზე დაიწყება.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასზე პირველი მატჩი 2000 წლის 6 თებერვალს ლისაბონში ჩაატარა და პორტუგალიას 32:30 სძლია. მას შემდეგ, ბორჯღალოსნებმა ტურნირზე 117 მატჩი გამართეს და 99 მოიგეს. რაგბი ევროპის 2023-ის ფინალის მოგების შემთხვევაში, რომელსაც ბორჯღალოსნები ისევ პორტუგალიასთან გამართავენ საიუბილეო – მე-100 გამარჯვება იქნება.
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში 4 ცვლილებაა – 3 შერკინებაში და ერთი ხაზში. ტრავმის შემდეგ გუნდს უბრუნდება შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს ფლანკერებმა – გიორგი ცუცქირიძემ და ბექა საღინაძემ. უცვლელია მეორე ხაზი, სადაც ნოდარ ჭეიშვილი და კოტე მიქაუტაძე დაწყვილდებიან, ტრავმირებული გიორგი კვესელაძის ნაცვლად კი მარქაფიდან სასტარტოში დემე თაფლაძე დაწინაურდა.
რაგბი ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ჯამში 14-ჯერ აქვს მოგებული. ამასთან, საქართველო დაუმარცხებელი მატჩის სერიას 29-მდე გაზრდის და თავისივე რეკორდს მოხსნის, რომელიც 2012-2017 წლებში დაამყარა, 28 მატჩში 27 მოგება და 1 ფრე.