პრემიერ-მინისტრი ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ყველა მუსლიმს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს. განცხადება პრემიერ-მინისტრმა მარნეულში გააკეთა.
მთავრობის მეთაურმა მცირე მეწარმეების გამოფენა დაათვალიერა და კოცონის დანთებას დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს დღე სიმბოლურია, რაც მშვიდობას კეთილდღეობას და სიხარულს უკავშირდება.
"ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს, ჩვენს ეთნიკურ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, ჩვენს ძმებს ყველგან, ჩვენს მოძმე აზერბაიჯანში, თურქეთში, ყველგან.
ყველას მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო მშვიდობა ჩვენს მოქალაქეებს, კეთილდღეობა, მეტი ბარაქა, მეტი სიხარული, სტაბილურობა და ყველაფერი საუკეთესო ჩვენს ხალხს. ეს მინდა ვუსურვო ჩვენს თანამოქალაქეებს. მინდა, დავუდასტურო ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, ძალიან მშრომელ ხალხს, ძალიან გონიერ ხალხს და მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე არის სიმბოლური იმითაც, რომ დღევანდელი დღე უკავშირდება მშვიდობას, კეთილდღეობას, სიხარულს, ყოველივე საუკეთესოს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ჩვენს ხალხს სჭირდება," - აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები დღეს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. ნოვრუზი ახალ დღეს ნიშნავს და გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასწაულია. ეს დღე წლებია, განსაკუთრებულად აღინიშნება მარნეულში.