21 დეკემბერი 2024,   20:51
ვრცლად
A კატეგორიის ტაქსის ნებართვების აქტივაცია 2024 წლის პირველ აპრილამდეა შესაძლებელი

პირველი აპრილიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი ძალაში შევა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველი აპრილიდან ამოქმედდება www.taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვებგვერდი, სადაც ტაქსის ნებართვების გაყიდვა და იჯარით გაცემა იქნება შესაძლებელი.

„20 მარტს დასრულდა A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა. პირველი აპრილიდან ძალაში შედის ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული პირებისთვის ნებართვების უვადოდ, საკუთრებაში გადაცემას. პირველი აპრილიდან ამოქმედდება www.taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვერსია, რომელიც ბაზარზე ელექტრონულად მოემსახურება ტაქსის ნებართვების ბრუნვას, როგორც გაყიდვას, ისე იჯარით გაცემას. იმ ფიზიკურ პირთა რაოდენობა, ვისზეც პირველ აპრილს გაიცემა A კატეგორიის უვადო ნებართვები, გასცდა 35 000-ს. ახალი ნებართვების აქტივაციის ვადა მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდეა განსაზღვრული. ამ ერთი წლის განმავლობაში, ყველა იმ ადამიანს, ვინც A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელია, შესაძლებლობა ექნება, ნებართვა გაააქტიუროს და ის კონკრეტულ ავტომობილს მიაბას. თუ ნებართვის შენახვას გადაწყვეტს და მას არ გამოიყენებს, მაშინ ერთი წლის შემდეგ, საურავი დაეკისრება - დღეში სამი ლარი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, A კატეგორიის ტაქსების მძღოლებს საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმა შეეძლებათ.

„პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსისთვის დაშვებული იქნება საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმა. ეს ნიშნავს იმას, რომ მგზავრის აყვანისთვის ან ჩამოსმისთვის და არა მოძრაობისთვის, არ დაჯარიმდებიან“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დღის ამბები