"ქართული ოცნება" პოლიტიკური საბჭოს ფორმატში განიხილავს, როგორ გააგრძელებს პარტნიორობას "ევროპელ სოციალისტებთან" - მას შემდეგ, რაც უცხოელი პარტნიორი პარტიის წევრებმა "ოცნების" საკუთარი რიგებიდან გარიცხვაზე ღიად დაიწყეს ლაპარაკი, შეფასებები გაკეთდა თბილისშიც. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მმართველმა გუნდმა შესაძლოა გადაწყვეტილება იმაზე ადრე მიიღოს, ვიდრე "სოციალისტები" შეიკრიბებიან ივნისში.
ოპოზიციურ სპექტრში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროცესი ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღებაში შეუშლის ხელს.
"ჩემი აზრით, ძალიან მძიმეა, კანდიდატის სტატუსის მიღების კონტექსტში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი 6 თვე წინ დარჩენილი, და, როდესაც წარმოიდგინეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული ოჯახიდან რიცხავენ მმართველ ძალას, ეს, რა თქმა უნდა, აისახება კანდიდატის სტატუსზე. გასაგებია უკვე პარტნიორი აღარ ჰყავთ ევროპაში იმისთვის, რომ ზოგადად მათი ინტერესები დაიცვას," - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ.
"ეს გარიცხვა იქნება, რა თქმა უნდა, დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ქვეყანას, რომელსაც აღარ ჰყავს მოკავშირე ევროპულ პოლიტიკურ ძალებში, ეს ჩვენი ქვეყნის შანსებს ამცირებს," - განაცხადა "ლელოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
რაც შეეხება "ქართული ოცნებას", მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, აღნიშნულ საკითხზე გაიმართება მსჯელობა. მისი თქმით, ამ თემას სჭირდება შესწავლა და შეფასება, გადაწყვეტილება კი შემდგომ იქნება მიღებული.
შეგახსენებთ, რომ სოციალისტებმა დაგმეს პრემიერის მონაწილეობა კონსერვატიულ კონფერენციაში. ისინი უნგრეთში გამართული ღონისძიების შინაარს არ იზიარებდნენ და პარტნიორებს მოუწოდებდნენ არ მიეღოთ მონაწილეობა ფორუმში.