15 ნოემბერი 2024,   09:03
ვრცლად
შეუძლებელია, იმ გაერთიანების წევრი ვიყოთ, სადაც ფიქრობენ რომ ოჯახი, ღმერთი, სამშობლო, ეროვნული იდენტობა, ეროვნული ფასეულობები ევროპული ოჯახის წევრობასთან არის შეუთავსებელი - მამუკა მდინარაძე "ევროპის სოციალისტური პარტიის“ დატოვებაზე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, წარმოუდგენელი და შეუძლებელია, იმ გაერთიანების წევრი იყოს პარტია, სადაც ფიქრობენ, რომ ოჯახი, ღმერთი, სამშობლო, ეროვნული იდენტობა, ეროვნული ფასეულობები, ევროპელობასთან, ევროპული ოჯახის წევრობასთან არის შეუთავსებელი.

მდინარაძის თქმით, მსოფლიოში ღირებულებების ომია და ამ ღირებულებათა ომში, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები განსხვავებულად არიან ჩართულები, "ქართულ ოცნებას" კი მიაჩნია, რომ ეროვნული იდენტობა და ეროვნული ღირებულებები პრიორიტეტულია.

"წარმოუდგენელი და შეუძლებელია, იმ გაერთიანების წევრი ვიყოთ, სადაც ასე ფიქრობენ, რომ ოჯახი, ღმერთი, სამშობლო, ეროვნული იდენტობა, ეროვნული ფასეულობები, ევროპელობასთან, ევროპული ოჯახის წევრობასთან არის შეუთავსებელი. რეალურად, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ის საკითხი, რომელსაც ჰქვია ნამდვილი შეუთავსებლობა ასეთ არასერიოზულ და ფსევდოლიბერალურ მიდგომასთან და ეს გახდა იმ გადაწყვეტილების საფუძველი, რომელიც "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო. მომავალში, ჩვენ თანაბრად გავაგრძელებთ ყველასთან ურთიერთობას, რადგან საქართველოს ადგილი ევროპაშია და საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამავე დროს, პარტია "ქართული ოცნება" გრძელვადიან პერსპექტივაში იფიქრებს იმაზე, ვინ და რომელი პოლიტიკური ჯგუფი თუ ოჯახი არის თავსებადი საქართველოს ტრადიციულ, ეროვნულ და შესაბამისად "ქართული ოცნების" ღირებულებებთან და მომავალში ასეთი გაერთიანების წევრობაზე ვიზრუნებთ. გამოწვევები არის ბევრი, მათ შორის ღირებულებების ომია და ამ ღირებულებათა ომში, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები განსხვავებულად არიან ჩართულები, ჩვენ ამ ფონზე მიგვაჩნია, რომ ეროვნული იდენტობა და ეროვნული ღირებულებები არის პრიორიტეტი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები