იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე:
"საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც განუხრელად დგას ადამიანის ღირსების და მისგან მომდინარე ყველა უფლების სადარაჯოზე, თუმცა, სამწუხაროდ, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ვერ ეგუება საქართველოს წარმატებას და მიზანმიმართულად მოქმედებს, რომ ჩრდილი მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. მსჯავრდებულ სააკაშვილის შემოსახლების პირველივე დღიდან დაიწყო გაურკვეველი წყაროებიდან დაფინანსებული ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს წარმოჩენას ისეთ სახელმწიფოდ, რომელშიც თითქოს ვინმეს აწამებენ. ამ მიზნის მისაღწევად ადამიანთა ეს ჯგუფი იმაზეც კი წავიდა, რომ მსჯავრდებელი წაექეზებინათ, ჰქონოდა შიმშილობის 4 ეპიზოდი, არ დამორჩილებოდა ექიმთა რეკომენდაციებს, არ ემკურნალა და გაეუარესებინა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც სხვა არაფერია, თუ არა თვითდაზიანება. ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესების მოტივით თავისუფლების მოპოვების კამპანიის ფარგლებში სამართლებრივი დავა საქართველოში პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულ სააკაშვილის დაცვის მხარისთვის დასრულდა არასასურველი შედეგით. მათ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და მოითხოვეს დროებით ღონისძიებად სააკაშვილის ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანა.
დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება მისი შემოსახლების დღიდან იყო კორექტული და იყო ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი.
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა ღირსეულ თანამშრომელს, რომელიც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებებს. განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს სამედიცინო პერსონალი, რომელიც მრავალი შეურაცხყოფისა და ცილისწამების მიუხედავად ასრულებდა და ასრულებს საკუთარ მოვალეობას და დგას ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე," - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა.