29 აგვისტო 2026,   15:09
ვრცლად
პირველივე დღიდან განვაცხადე, რომ ვენდობი ქართულ მხარეს და მჯერა, რომ გადაწყვეტილება ორივე ეტაპზე იქნება ძალიან მკვეთრი - იციკ მოშე

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქალაქო სასამართლოში იციკ მოშეს მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულის პროცესი. პაკისტანის მოქალაქეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ორი პირი, ირანისა და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, პაკისტანის მოქალაქეს იარაღით ამარაგებდნენ. დღეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროკურატურამ შესავალი სიტყვა თქვა.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე ადგილზე იყო მისული იციკ მოშე, თუმცა პროცესზე დასწრება მან ვერ მოახერხა, ვინაიდან, როგორც განუმარტეს, ის არის გამოსაკითხ პირთა სიაში და შესაბამისად, მისი პროცესზე დასწრება არის დაუშვებელი.

"მე ვიცი, რომ იყო აღიარება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, ამიტომ დღეს არის პირველი ეტაპი, მეორე ეტაპი იქნება ტერორიზმის საკითხზე ბრალდება. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პრობლემა, არ ვარ მარტო, ჩემ გვერდით არიან მოაზროვნე ადამიანები, საქართველო და მსოფლიოს ის ნაწილი, რომელსაც უნდა მშვიდობა. მსოფლიო არის დაყოფილი ორ ნაწილად, ხალხის ის ნაწილი, რომელიც არის ტერორის მხარეს, ეხმარება ტერორს, და მეორე - მსოფლიოს დიდი ნაწილი, რომელიც არის ტერორის წინააღმდეგ.

მე მჯერა, რომ საქართველომ გადაწყვიტა თავისი გზა და პირველივე დღიდან განვაცხადე, რომ ვენდობი ქართულ მხარეს და მჯერა, რომ გადაწყვეტილება ორივე ეტაპზე იქნება ძალიან მკვეთრი," -  აცხადებს საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე.

დღევანდელ პროცესს სამივე ბრალდებული ესწრებოდა, მათ შორის პაკისტანის მოქალაქე ამირ ხანი. სწორედ ის არის ერთადერთი ადამიანი სამი ბრალდებულიდან, რომელის იარაღის ნაწილში მის ბრალდებას აღიარებს. დანარჩენი ბრალდებულები კი დღესაც დუმილის რეჟიმს განაგრძობენ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, მას დღეს შესავალი სიტყვით არ უსარგებლია, ვინაიდან მათ მოითხოვეს დამატებითი დრო იმისთვის, რომ ბრალდებულებთან დამატებითი შეთანხმება მომხდარიყო კონკრეტულ პოზიციებთან დაკავშირებით, რაც შემდეგ შესავალ სიტყვაში აისახებოდა.

თუმცა, დღევანდელ სხდომაზე შესავალი სიტყვით პროკურორმა ისარგებლა, რომელმაც ისაუბრა იმ დეტალებსა და გარემოებებზე, თუ როგორ მიაწოდეს ამირ ხანს მასთან კავშირში მყოფმა დაკავებულმა ადამიანებმა ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.

"იარაღის ნაწილში ამბობს, რომ ჰქონდა, კი ნამდვილად უკანონოდ შევიძინე და შევინახე აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიების ეტაპზე შეიძლება ბევრი რამ ითქვას, ყოველ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულია სხვა საქმეზე, ის არ ფრთხილდება ცრუ ჩვენების მიცემისთვის და შესაძლებელია დაადასტუროს შემდგომში, შესაძლებელია საერთოდ უარყოს," - აცხადებს პროკურორი მაია სილაგაძე.

ავტორი: ანა ბუავა

დღის ამბები