15 ნოემბერი 2024,   14:01
ვრცლად
საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება თავად ევროკავშირის ინტერესშია - დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება თავად ევროკავშირის ინტერესშია - აცხადებს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისი თქმით, "საქართველო განვითარების კუთხით იმაზე უფრო წინ არის, ვიდრე უკრაინა იყო ომის დაწყებამდე. ბევრი გამოწვევა აქვთ, მაგრამ მიმდინარეობს მუშაობა მათ აღმოსაფხვრელად," – ამბობს ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოში ვიზიტის შემდეგ.

განცხადება მან კოპენჰაგენის უნივერსიტეტში სტუდენტების წინაშე გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის და მოლდოვის ევროპულ არჩევანს და ევროინტეგრაციის მიმართულებით მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი ამბობს, რომ ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნის პროგრესი და ევროკავშირთან დაახლოება თავად ევროკავშირის ინტერესშია.

"არ ვამბობ, რომ საქართველო ხვალ გახდება ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანამ რეფორმების გატარებისა და გადაწყვეტილებების კუთხით ბევრი რამ გააკეთა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სინამდვილეში, საქართველო ბევრად უფრო წინ იყო, ვიდრე უკრაინა, როდესაც ომი დაიწყო, იგულისხმება ქვეყანაში არსებული შიდა პროცესები, რეფორმები, სახელმწიფო ინსტიტუციები, ანტიკორუფციული გარემო და სხვა.

ყველაფრის შესრულებას შესაძლოა 5, 10, 15 წელიც კი დასჭირდეს, წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ, ვინაიდან ჩვენი პოზიციაა, რომ ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა, რომ არსებობს გარკვეული სტანდარტები, "კოპენჰაგენის კრიტერიუმები", რომელთა შესრულებაა საჭირო, მათ მისაღწევად კი არსებობს მოკლე და გრძელი გზები - შეიძლება იყო ძალიან ან ნაკლებად დაოსტატებული მსგავსი ნახტომების შესრულებაში.

ამდენად, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ამ გზაზე დახმარების გაწევა ჩვენსავე ინტერესებში შედის და მხოლოდ ერთობლივად შევძლებთ წარმატების მიღწევას," - აცხადებს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი.

დღის ამბები