ეს აქციები იყო "ნაციონალური მოძრაობის" კრახი - განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართველი ხალხი არ არის "გირჩი" და "დროა", მოქალაქეები კი იზიარებენ "ქართული ოცნების" პოლიტიკას. უმრავლესობის შეფასებით, ოპოზიცია ანტიდემოკრატიული და პროვოკაციაზე ორიენტირებული სცენარით ცდილობს ქვეყნის დაზიანებას.
"ეს იყო, საერთო ჯამში, "ნაციონალური მოძრაობის" კრახი. ამაზე ვამბობ, რომ თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი ეს არის "დროა" და "გირჩი", ის მწარედ ცდება. ქართველი ხალხი სადაც დგას და რასაც უჭერს მხარს, ეს ჩანს მათ განწყობებში და მათ შორის, გამოჩნდა ბოლო არჩევნებზე, სადაც ქართველმა ხალხმა განუახლა მანდატი "ქართულ ოცნებას". საბოლოო ჯამში, ესენი არიან აგრესიული ჯგუფები, რომელთაც ერთადერთი ამოცანა აქვთ - დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რაც ეწინააღმდეგება როგორც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ისე ევროპულ მისწრაფებებს. ამიტომ, ყველა, ვინც ამ ჯგუფებში არის, ამ ქმედებებითაა დაკავებული და ყველა, ვინც აფინანსებს ატრენინგებს და, ვნახეთ ჩვენ, რომ იარაღის ტრიალში ამეცადინებენ ამ ხალხს, ყველა ეს ორგანიზაცია, ადამიანი თუ ქვეყანა, საერთო ჯამში, ხელებს აფათურებს საქართველოს უსაფრთხოებაში.
ჩვენი, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ არ დავუშვათ სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან და ეკონომიკური კრიზისი. ნებისმიერი სანქცია და ვიზის დაწესება, ფრენის აკრძალვა, საჰაერო სივრცის ჩაკეტვა და ა.შ. გულისხმობს ესკალაციაში შესვლას, ესკალაცია კი არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც რთულია უკვე აკონტროლო ვითარება და როდესაც მოსალოდნელია საპირისპირო ზომები. საპირისპირო ზომა შეიძლება იყოს ნებისმიერი, დაწყებული ეკონომიკური ზომიდან, დამთავრებული სხვა რაღაც სამხედრო ზომამდე.
ამიტომ, ჩვენ ეს პოლიტიკა განვაცხადეთ 2022 წლის 25 თებერვალს, რომ ჩვენ ვიქნებით ერთის მხრივ, სოლიდარული უკრაინის მიმართ და მეორეს მხრივ, არ დავაწესებთ ორმხრივ სანქციებს, ვინაიდან ჩვენი ხალხის უსაფრთხოება და ეკონომიკური უსაფრთხოება დავიცვათ. საქართველოს, განსხვავებით ყველა იმ ქვეყნისგან, რომელიც ამ ალიანსში არის ჩვენთან ერთად უკრაინის მხარდაჭერისა, არ იცავს ნატოს ატომური ქოლგა, ყველა ამ ქვეყანას იცავს ეს ქოლგა და ჩვენ არცერთი უსაფრთხოების ქოლგა არ გვიცავს, არცერთი უსაფრთხოების გარანტია არავისგან არ გვაქვს, ჩვენ ვართ მარტო ამ საკითხში და მეორე, საქართველოს განსხვავებით ყველა ამ ქვეყნისგან, რომელიც ევროპაშია, არ არის დაცული ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგით. შესაბამისად, ნებისმიერი ეკონომიკური პრობლემის დროს, რაც შეგვექმნება, შეგვიძლია მხოლოდ ვიყოთ დახმარების იმედად," - აცხადებს პაპუაშვილი.