უმრავლესობა ოპოზიციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის შესარჩევად კონსულტაციებში მონაწილეობას კიდევ ერთხელ სთავაზობს. რაზეც ოპოზიცია უარს აცხადებს.
"ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ ოპონენტები პროცესის ჩაგდებას ცდილობენ და მათი მიზანია ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
"ერთი კვირა გავიდა, ამ ოთხ კანდიდატზე, ვინმეზე რაიმე არგუმენტირებული კრიტიკა გსმენიათ? ხომ შეეძლოთ ერთი კვირის განმავლობაში ეთქვათ რაიმე ამ ოთხ კანდიდატზე? ამიტომ, ეს აჩვენებს, რომ კანდიდატების მიმართ არ არსებობს რაიმე პრეტენზია. სურვილი იყო ოპოზიციის და რამდენიმე "ენჯეოს" მხრიდან, რომ არა თუ მათი დასახელებული, არამედ მათი წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყოფილიყვნენ. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენი პოზიცია ვთქვით, რომ აქ მიკერძოებას ადგილი ვერ ექნება.
რაც შეეხება დარჩენილ კანდიდატებს, მე ოპოზიციას მოვუწოდებ, ერთი კვირა არის და ამ 4 კანდიდატთან დაკავშირებით იფიქრონ. „ქართული ოცნების“ ფრაქციასთან კონსულტაცია გაიარონ. მომავალ კვირას დადგება ის მომენტი, როცა ოპოზიციის ხელში იქნება 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი შესრულება. ჩვენი მხრიდან თანხმობა არის, კანდიდატები არის და მათ ხელშია ეს პუნქტი შესრულდება, თუ არა," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
კენჭისყრა სავარაუდოდ თვის ბოლომდე გაიმართება. ოპოზიციის თანამონაწილეობის გარეშე მათი არჩევა ვერ მოხდება, რადგან 90-ზე მეტი ხმა არის საჭირო.