15 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
მნიშვნელოვანია, საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ ყველას გვწამს, ველით, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს - იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში „მარშალის ფონდის“ მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ნატო-ს წევრ ქვეყნებს სწამს.

დარბაზიდან დასმული შეკითხვის საპასუხოდ იენს სტოლტენბერგმა საქართველო იმ "მოწყვლად" ქვეყნებს შორის მოიხსენია, რომლებიც ცდილობენ რუსეთის ზეწოლას წინააღმდეგობა გაუწიონ. ალიანსის გენერალური მდივანი ამბობს იმასაც, რომ მსგავსი სახელმწიფოების გაძლიერების გადაწყვეტილება მათ მადრიდის სამიტზე მიიღეს.

"ვფიქრობ, რომ საქართველო არის ქცევის მოდელის ნაწილი, რადგან რუსეთის აგრესიული ქმედებები მეზობლების წინააღმდეგ არ დაწყებულა 2014 წელს უკრაინაში ომით, ის 2008 წელს საქართველოში შეჭრით დაიწყო. მათ გავლენის სფეროების ხელახლა დამყარება სურდათ, რათა მეზობლები ეკონტროლებინათ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის სამყარო, რომელშიც ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ბევრ მეზობელს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და ვარშავის პაქტის წევრებს, არ ექნებათ დამოუკიდებლობა. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლობა.

რა თქმა უნდა, ომის შემდეგ ვნახეთ, რომ ქვეყნები, რომელთაც ხშირად „შუაში“ მყოფ ქვეყნებს ვუწოდებ, ეს ქვეყნები არ არიან ნატოელი მოკავშირეები, თუმცა ცდილობენ, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის ზეწოლას. ასეთი ქვეყნები მოწყვლადები არიან. ასე რომ, მადრიდის სამიტზე გადავწყვიტეთ, გაგვეძლიერებინა ის, რასაც ამ ქვეყნებისთვის ვაკეთებთ, და საქართველო ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია. ვფიქრობ, ასევე უნდა გვესმოდეს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ, ყველას, გვწამს და, რა თქმა უნდა, ველით, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებას და ორგანიზებას არ გაუადვილებენ," - აცხადებს იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები