საქართველოს სიტუაცია არ შეიძლება განხილული იყოს იმავე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან და ევროკავშირის სხვა ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
დავითაშვილის განცხადებით, საუბარი შეეხო რუსეთთან ფრენის აღდგენის საკითხს და ამ კონტექსტში, სანქციების აღსრულების შესაძლებლობას საქართველოს მხრიდან.
დავითაშვილის თქმით, ქუთაისის, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში დამატებითი საბაჟო კონტროლი განხორციელდება რუსეთიდან შესრულებული რეისების მგზავრებისთვის.
"ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება საქართველოში ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ზუსტად ეს იყო ძირითადი განხილვის საგანი. თუმცა, ჩვენ, ზოგადად არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ვიმსჯელეთ. საქართველოს სიტუაცია არ შეიძლება განხილული იყოს იმავე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა. საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, ასე რომ, საქართველოს კონტექსტი განსხვავდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონტექსტისგან. ძალიან ბევრი ელჩისთვის ეს აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურია.
შევეხეთ, ზოგადად, ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სანქციების აღსრულების და შესრულების საკითხებს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან. დღეს იცით, რომ ძირითადი საზღვარი გვაქვს ლარსით და აქ ხდება საბაჟო კონტროლი მკაცრად, და ამას ყველა ხაზს უსვამს, რომ საქართველოს არის სანდო საიმედო პარტნიორი საერთაშორისო თანამეგობრობის სანქციების აღსრულების საკითხში, თუმცა, ახალი დაკავშირების პუნქტები გვიჩნდება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში. ისევე, როგორც უმაღლეს დონეზე ხდება სანქციების აღსრულება ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ასევე იქნება დამატებითი საბაჟო კონტროლი ამ აეროპორტებშიც.
ცალსახა არ არის პოზიციები დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდანაც სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით - ზოგიერთი ქვეყანა მეტად ვაჭრობს რუსეთის ფედერაციასთან. ომის დაწყების შემდეგ, 2022 წელს მთლიანად რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობა 5 მილიარდი ევროთი გაიზარდა. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას გასამმაგებული აქვს, რა თქმა უნდა, ზოგიერთს - შემცირებული. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპელებთან გვქონდეს მკაფიო, ღია და გულწრფელი დიალოგი.
შეიძლება ჩვენ გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენი მდგომარეობა არ შეიძლება გაიგივებული იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მდგომარეობასთან. ჯერ ერთი, საქართველო ჯერ კიდევ არ არის ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრობის განაცხადი გავაკეთეთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პროგრესი ადეკვატურად დაფასდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ საქართველოს კონტექსტი არის მართლაც განსხვავებული, ევროკავშირის პოზიცია აი ამ კონკრეტულ წერილში, რა თქმა უნდა, დაფიქსირებული იყო, რაც ელჩებმა ჩვენამდე მოიტანეს. ვიმსჯელეთ იმ თითოეულ საკითხზე, რომელიც მათ დასვეს და ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო საქართველოს დემარშს უცხადებენ - ამ მიზნით პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, ეკონომიკის მინისტრს და ვიცე პრემიერს - ლევან დავითაშვილს შეხვდა.