პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ფაქტობრივ უზუსტობას უწოდებს ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღსადგენად თუ სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად, საქართველოს მთავრობისგან თანხმობა სჭირდებოდა.
მან, ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ აპირებს, რადგან, მისი სიტყვებით, ეს საქართველოს მოქალაქეებს მეტად დააზარალებს.
"მადლობა ევროკავშირის წევრს იმისათვის, რომ მან ხაზგასმით თქვა, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება, თუმცა, აქვე, ობიექტურობისთვის უნდა დავძინოთ, რომ მისი განცხადების მეორე ნაწილი შეიცავდა ფაქტობრივ უზუსტობას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდებოდა ამ გადაწყვეტილების აღსრულებას, ეს არ არის რეალური ინფორმაცია. თუ საუბარია ტექნიკურ საკითხებზე, რომელიც საჰაერო ნავიგაციამ, აეროპორტების გაერთიანებამ და ა.შ. ტექნიკურზე უნდა გასცეს, ამაზე უარი, ამ სუბიექტების მხრიდან იქნებოდა დე ფაქტო სანქციების დაწესება რუსეთის მიმართ. არც დე ფაქტო და არც სხვაგვარ სანქციებს საქართველოს ხელისუფლება არ აწესებს, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, ისევ გავიმეორებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს დააზიანებს საქართველოს, მის მოქალაქეებს, და ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ, ბუნებრივია, არ ვაპირებთ,"- განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო საქართველოს დემარშს უცხადებენ - ამ მიზნით პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, ეკონომიკის მინისტრს და ვიცე პრემიერს - ლევან დავითაშვილს შეხვდა.