ხანგრძლივი პაუზისა და აპრილში გადადებული ვიზიტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი დღეს ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მყოფი ქვეყნისთვის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს ბრიუსელში და მის სიტყვით გამოსვლას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ - მათ შორის ქართველი პოლიტიკოსები.
ოპოზიციაში ელოდებიან, რომ სწორედ კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელშეწყობაზე გააკეთებს აქცენტს პრეზიდენტი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრს, თეონა აქუბარდიას მოლოდინი აქვს, რომ პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში მხარდაჭერას სთხოვს დასავლეთს.
"მაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ არა მხოლოდ ჩვენს მისწრაფებაზე გაუსვამს აქცენტს, არამედ მათ შორის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში მხარდაჭერას სთხოვს დასავლეთს, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელსაც მთავრობა ქმნის ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ მისი სიტყვა სწორედ ამ მიზნისკენ იქნება მიმართული," - აცხადებს თეონა აქუბარდია.
შექმნილ რთულ ვითარებასა და საქართველოს მხრიდან დაბალანსებული ქმედების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას მმართველი გუნდი.
"ევროკავშირის 27 წევრიდან მხოლოდ ოთხ ქვეყანას აქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან. დანარჩენ ქვეყნებს არც ოკუპაციის პრობლემა აქვთ, არც საზღვრის პრობლემა აქვთ და ისინი ნატოს და ევროკავშირის დიდი ქოლგის ქვეშ არიან. საქართველო ამ მხრივ არის მრავალმხრივ მოწყვლადი ქვეყანა. ჩვენ არც ევროკავშირი გვთავაზობს რაიმე განსაკუთრებულ პრეფერენციას, ან რაიმე ფინანსურ დახმარებას, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ სანქციების გზით წავალთ," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.