20 აგვისტო 2026,   17:01
ვრცლად
რესტორან "რეტროში" შრომის ინსპექტორები შევიდნენ და შემთხვევას სწავლობენ

ბათუმში რესტორან "რეტროს" მფლობელი დაკავებულია. ფაქტი "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. თეიმურაზ ვარშანიძეს თანამშრომელზე ძალადობაში ადანაშაულებენ.

რესტორან "რეტროს" თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ კრავს ხელს რესტორნის მფლობელი თანამშრომელს და მას დაწესებულებიდან აგდებს.

ინციდენტის დროს ადგილზე მყოფი თანამშრომლები, ამ წუთებში, გამოკითხვაზე იმყოფებიან.

რაც შეეხება დაწესებულებას, "რეტრო" დღეს დაკეტილია. რამდენიმე წუთის წინ დაწესებულებაში შრომის ინსპექტორები შევიდნენ და შემთხვევას სწავლობენ. ისინი დაადგენენ, ჰქონდა თუ არა და რა სიხშირით ჰქონდა ადამიანის შრომით უფლებების დარღვევას ადგილი.

რესტორნის თანამშრომლები მედიასთან ჰყვებიან, რომ დაწესებულების მფლობელის მხრიდან ხშირი იყო შეურაცხმყოფელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. მათი თქმით, ხშირად ადგილი ჰქონდა პერსონალსა და მენეჯმენტს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას.

"მოვითხოვეთ თათბირი ისევ ჩვენ, რათა ჩვენი აზრი დაგვეფიქსირებინა. პირველი ადამიანი, ვინც ამ თათბირზე ხმა ამოიღო, ვიყავი მე, ბატონმა თემურმა არ მაცადა საუბარი და სიტყვის თქმა. ბოლოს თქვა, რომ ვისაც რა არ მოსწონს, დატოვოს აქაურობა. ავდექი, წამოვედი. როცა წამოვედი, ის ძალადობის ფაქტი შემდეგ მოხდა. სიტყვიერი შეურაცხყოფა ხშირი ფაქტი ყოფილა მისგან," – აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი.

რაც შეეხება თავად დაზარალებულს, ის კამერებთან გამოჩენაზე თავს იკავებს, თუმცა სატელეფონო კომენტარის სახით "კურიერთან" განაცხადა, რომ რესტორნის მფლობელმა მას არაერთი დარტყმა გულ-მკერდის არეში მიაყენა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

"რაც მოხდა ყველაფერი მოვუყევი, რაც ვიდეოში ჩანს. უშუალოდ ჩემს მიმართ არ იყო, მაგრამ ბევრი ადამიანის მიმართ იყო. ძალადობის კვალი არ მეტყობა," - აცხადებს დაზარალებული.

დღის ამბები