19 აპრილი 2024,   02:01
ვრცლად
არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობის საქმეზე ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები გვიანობამდე გაგრძელდა - საქმეში მინიმუმ 12 მოძალადე ფიგურირებს

არასრულწლოვანებზე სავარაუდო ძალადობის საქმეზე ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები გვიანობამდე გაგრძელდა. პოლიციას ჩვენებები მისცეს იმ უფლებადამცველებმა, რომლებმაც ფაქტები გაასაჯაროვეს.

საუბარია 8-დან 17 წლამდე ასაკის გოგონებზე, რომელთა მიმართ, სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობა ხორციელდებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს, მინიმუმ, 12 მოძალადე, რომლებიც ძალადობის ფაქტებს იღებდნენ და ერთმანეთს დახურულ ჩატში უზიარებდნენ.

აჭარის მთავარ სამმართველოში ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ალიანსის ხელმძღვანელის გამოკითხვა დაახლოებით 10 საათი გრძელდებოდა. დეა ერემაშვილი, საქმის სენსიტიურობიდან და გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული ის 27 ვიდეომასალა, რომელზეც გუშინ იყო საუბარი. ასევე, საქმის ირგვლივ ყველა დეტალი გააცნო. ერემაშვილის თქმით, გამოძიება თითოეულ დეტალს აქცევდა ყურადღებას. მისი თქმით, გამოძიება საკმაოდ მაღალი სტანდარტით დაიწყო.

საქმე ეხება სმენა დაქვეითებულთა კავშირში არასრულწლოვანებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტს, რომელსაც სავარაუდო მოძალადეები მობილური ტელეფონით იღებდნენ და შემდეგ ერთმანეთს შიდა ჩატების საშუალებით უზიარებდნენ.

"გამოძიებას მივაწოდე სრული ინფორმაცია, რაც იყო ჩემს ხელთ არსებული სავარაუდო დანაშაულის შესახებ. დაკითხვა მიმდინარეობდა რამდენიმე საათის მანძილზე, ძალიან დეტალურად და გულდასმით იყო აღნიშნული საკითხი ყურადღების ქვეშ, მნიშვნელობას აქცევდნენ ყველა დეტალს და ძალიან მაღალი სტანდარტით დაიწყო გამოძიება. არა ერთი ინსტანცია ჩაერთო სამართალდამცავი ორგანოების," - აცხადებს "შშმ ქალთა ალიანსის" ხელმძღვანელი დეა ერემაშვილი.

დღის ამბები