საქართველო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება. "თბილისი რიტმი" მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს უმასპინძლებს. ფესტივალი უახლესი პროექტით "სიმფონიური ისტვუდის" პრემიერით გაიხსნება, რომელსაც გრემის მფლობელი, გასტ ვალცინგი უდირიჟორებს.
"თბილისი რიტმი" 2017 წელს დაარსდა და ქართველი მსახიობის სოსო ლაღიძის სახელს ატარებს. ფესტივალი 4 დღის განმავლობაში მელომანებს განსხვავებული მუსიკალური ჟანრის სინთეზს შესთავაზებს. მაყურებლის წინაშე წარდგება მრავალი ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი და კომპოზიტორი ჰამილტონ დე ჰოლანდა, პიანისტი სალომაო სოარესი და დრამერი რენატო გალვაო.
ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი, ბრაზილია, ლუქსემბურგი - ფესტივალში მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალი ვრცელია. ორგანიზატორებს ბოლო სამზადისი აქვთ. თბილისში ამერიკული კინომუსიკის შედევრებს საერთაშორისო დონის მუსიკოსები გააცოცხლებენ.
ვიდრე მსოფლიო დონის ვარსკვლავები საქართველოში ჩამოვლენ, პოლიფონიური მუსიკის ანსამბლი "იბერი” რეპეტიციებს გადის. არაერთი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის სტუმარი ანსამბლი განსაკუთრებული თარიღისთვის ემზადება.
"თბილისი რიტმი" 24-დან 28 ივნისის ჩათვლით ორ ლოკაციაზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზსა და მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება. ფესტივალი ქართველ მელომანებს მუსიკის სამყაროში ამოგზაურებს.