15 ნოემბერი 2024,   10:57
ვრცლად
დაპირისპირება ენმ-ში გრძელდება - "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი წალენჯიხის მერის მოადგილეს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - ამჯერად ურთიერთბრალდებები წალენჯიხაში ისმის. მერის მოადგილეს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. უკვე გათავისუფლებულია სოფელ ლიას რწმუნებული, სოფელ ჯვარის გამგებელი კი ვარაუდობს, რომ იგივე გადაწყვეტილებას მიიღებენ მასთან მიმართებითაც. მიზეზი კი რამდენიმე კვირის წინ ჩატარებული რაიონული ორგანიზაციის არჩევნებია. ლიას გათავისუფლებული და ჯვარის მოქმედი გამგებელი გიორგი მუმლაძის თანამოაზრეები არიან.

"ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი უკვე ღიად ითხოვს წალენჯიხის მერის მოადგილის ივანე ბურდულის თანამდებობიდან გადადგომას და მას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. წალენჯიხელი ოპოზიციონერების ნაწილი განმარტავენ, რომ ივანე ბურდული უშუალოდ ცენტრალური ოფისის დავალებებს ასრულებს და ზაზა გოროზიას სახელსაც ასახელებენ.

პირველი ადამიანი, რომელიც წალენჯიხის მერიის გადაწყვეტილებით სამსახურიდან გათავისუფლებულია, არის სოფელ ლიის რწმუნებული თამთა ფიფია, რომელმაც ამის შემდეგ სოციალურ ქსელში საკმაოდ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც განმარტავს, რომ სამსახურიდან ასევე ყოველგვარი გაფრთხილებისა და არგუმენტების გარეშე მისი თანაშემწე გაუშვეს.

კონკრეტულ მიზეზებზე სოფელ ჯვარის მაჟორიტარი დეპუტატი წალენჯიხის საკრებულოში ბაჩანა ქანთარია საუბრობს, რომელიც რაიონული თავმჯდომარის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. მისი კონკურენტი ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი - მამუკა ქარდავა იყო. ბაჩანა ქანთარია ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა გრძელდება.

"ეს ადამიანი შიდაპარტიულ არჩევნებში საკუთარი ნეიტრალური პოზიციის გამო არის განთავისუფლებული და ის, კონკრეტულად ამ სამსახურიდან გაანთავისუფლა ივანე ბურდულმა და ზაზა გოროზიამ," – აცხადებს საკრებულოს წევრი ბაჩანა ქანთარია.

აღნიშნული ნიშნით გათავისუფლებას უპირებენ ასევე სოფელ ჯვარის გამგებელს ირაკლი ხარჩილავას. ეს ადამიანები განმარტავენ, რომ ისინი არიან პირები, რომლებმაც ოპოზიციონერი მერის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიიღეს და მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობენ, რომელსაც მათი თქმით სწორედ ივანე ბურდული ახორციელებს.

"დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყო ჩემზე „ფეისბუქ“ პოსტებით, სადაც იყო ჩართული მერიის ადმინისტრაციის უფროსი, რომელიც მიუთითებდა, რომ თვის ბოლოს მე დავტოვებდი სამსახურს. ბატონმა ზაზა გოროზიამ, რომელიც მთელი ეს პერიოდი აზიანებდა სამეგრელოში რეგიონალურ პარტიებს, წარმოადგინა ივანე ბურდული ვიცე-მერად, რომელიც ფაქტობრივად არავის არაფერს არ ეკითხება, თვითნებურად წყვეტს ყველაფერს ბატონი გოროზიას დავალებით და მიზანმიმართულად დევნის იმ ხალხს, რომელმაც ამ გამარჯვებაში შეიტანა ძალიან დიდი წვლილი.

ჩვენ შიდაპარტიულ არჩევნებში მხარს ვუჭერდით გიორგი მუმლაძის კანდიდატურას, ამას ღიად ვაფიქსირებდით," – აცხადებს ირაკლი ხარჩილავა.

ოპონენტების ბრალდებებს წალენჯიხის მერის მოადგილე ივანე ბურდული უარგუმენტოს და უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ მაგალითად თამთა ფიფიას, რომელიც გათავისუფლებულია სამსახურიდან ხელშეკრულების ვადა ამოეწურა. ივანე ბურდული განმარტავს, რომ დანიშვნა-გათავისუფლების ბრძანებებს ხელს წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა აწერს.

"ეს არაადექვატური განცხადებები არავისთვის არ არის ახალი. მთელი თვის განმავლობაში გრძელდება მათი გარკვეული შემოტევები. მერის წარმომადგენელი ჰქვია ამ ადამიანს და მერიას რატომ ებრძვის ვერ ვხვდები. მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. რაც შეეხება დანიშვნა-გათავისუფლებას, ამაზე გადაწყვეტილებებს იღებს არა მერის მოადგილე, არამედ მერი. შესაბამისად, მე არავის არ ვნიშნავ და არა ვათავისუფლებ. ეს არის სიცრუე და აბსურდი," - აცხადებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ივანე ბურდული.

დღის ამბები