15 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
პარლამენტმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი დაამტკიცა

"საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი დამტკიცებულია. დეპუტატებმა დოკუმენტს კენჭი დღის ბოლოს, მესამე მოსმენით უყარეს. კანონ-პროექტს მხარი დაუჭირა ოპოზიციის ნაწილმაც - მიზეზები კენჭისყრამდე ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა თავადვე განმარტეს. იყო საკმაოდ მწვავე განცხადებებიც.

"პრინციპულად მნიშვნელოვანია, ის რომ დეპუტატების რაც შეიძლება ფართო შემადგენლობამ დაუჭიროს მხარი ამ პაკეტს. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება ვის სურს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება და ვინ მოქმედებს ამ მიზნის წინააღმდეგ," - აღნიშნა ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

"ამ კანონს მე ხმას ვაძლევ არა იმიტომ, რომ ის სრულად პასუხობს იმას, რაც ჩვენ გასაკეთებელი გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ რაღაცებს პასუხობს და ეს "ნამუსზე შეგდება", რომ "ვინც მხარს დაუჭერს ასეთია და ვინც არ დაუჭერს- ისეთია", ეს არის ღრმად არასწორი დამოკიდებულება საკითხისადმი" - განაცხადა კობახიძის საპასუხოდ ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

"ადამიანს იმისი საშუალება რომ არ აქვს, რომ საკუთარი ნებით იმოქმედოს და თქვას რომ დიახ, ეს არის წარმატებული პროექტი და რაღაცებს კი არ ვუჭერ მხარს, მთლიანად ვუჭერ მხარს, იმიტომ რომ არის კარგი და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არის ევრორეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შესრულება და ეს კიდევ უფრო კარგია. შესაბამისად, ადამიანი რომ თავის თავს არ ეკუთვნის, შემდეგ რაღაცები არ უნდა სწყინდეს, ეს ერთი და მეორე - თუკი ვინმე იძახის ამ პირობებში, რომ საქართველო და საქართველოს ხელისუფლება, პარლამენტი და ა.შ. არ ასრულებენ ევრორეკომენდაციებს, ყველა მათგანი არის საქართველოს მტერი, მეტი მტრობა, ამ სიტუაციაში, კანდიდატის სტატუსის მოლოდინში წარმოუდგენელია," - აღნიშნა ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

უკვე დამტკიცებული დოკუმენტი არეგულირებს რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობების დაკავების წესს და მოსამართლის თანამდებობაზე სამი წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასების კრიტერიუმებს. ასევე სასამართლო აქტის ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის საკითხს.

 

დღის ამბები