15 ნოემბერი 2024,   14:13
ვრცლად
ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: სჯობს არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი აღწერილი რისკების გათვალისწინებით - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს "ტვიტერის" გვერდზე ეხმაურება.

"ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: სჯობს არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი აღწერილი რისკების გათვალისწინებით. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას სისტემური მიდგომით უკეთესი გზის პოვნაში. ჩვენ შეგვიძლია ერთად უფრო ძლიერად წავიდეთ წინ," - წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკომისია ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას მხარს უჭერს. ჰერჩინსკის თქმით, დეოლიგარქიზაცია მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ევროკავშირი საქართველოს მთავრობისგან საკითხთან დაკავშირებით ნაბიჯების გადადგმას ელოდება.

"ჩვენ, როგორც ევროკომისია, მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას. ვენეციის კომისია არის სტანდარტის დამდგენი, როდესაც საქმე ეხება ამგვარ კანონმდებლობას. ასე რომ, ჩვენ მოვუწოდებთ სისტემური მიდგომისკენ, სპეციალური კანონის მიღების ნაცვლად.

ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს დეოლიგარქიზაციის საკითხში. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რა არის სწორი მიდგომა. ჩვენ ვთქვით, რა არის გასაკეთებელი და არა ის, როგორ უნდა გაკეთდეს.

ეს იყო ქართველების გადაწყვეტილება, წარმოედგინათ კანონპროექტი, ახლა ჩვენ ვიცით, რომ ვენეციის კომისიის მიხედვით, ეს არ არის სწორი მიდგომა. ვენეციის კომისია გამოდის სისტემური მიდგომის შეთავაზებით და ამიტომ ჩვენც ვგრძნობთ, რომ სისტემურ მიდგომა არის სწორი, რაც მოიცავს ბევრ რამეს. ეს ნიშნავს სასამართლოს სისტემის რეფორმას, ეს ნიშნავს მეტ ძალისხმევას კორუფციასთან ბრძოლაში, ეს ნიშნავს მეტ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. ეს ყველაფერი კი ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს, რაზეც მუშაობისთვის ჩვენ მოწადინებულები ვართ კოლეგებთან ერთად, რათა ამას მივაღწიოთ, თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი ძლიერი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ," - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

დღის ამბები