04 მაისი 2024,   19:45
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში მოქმედებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც იმსახურებს სათანადო აღნიშნავს ჩვენი მხრიდან - ირაკლი კობახიძე

მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა უნდა გადაიხადოს მისი რეჟიმის დროს ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა "უკრაინსკაია პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ ითხოვა საქართველოს ხელისუფლებისგან სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება. კითხვაზე, რატომ ამბობს უარს სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე და განიცდის თუ არა ამ საკითხზე რამე გარე ზეწოლას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის პასუხისმგებელია, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის წინაშე. მისივე თქმით მრავალ ადამიანს უთხოვია შეწყალება, თუმცა ყველა მათგანისთვის აუხსნია რომ შეწყალება არ არის გამოსავალი სწორედ ქართველი ხალხის გამო, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის ცხრა წელი გამოიარა.

პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება "ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი კობახიძე და აცხადებს, რომ არსებულ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, რაც სათანადო აღნიშვნას იმსახურებს.

"ჩვენ ვთქვით ერთი რამ, არ შევდივართ პოლემიკაში სალომე ზურაბიშვილთან, არც ერთ შემთხვევაში ჩვენ ამას არ გავაკეთებთ და ვთქვით ასევე, რომ თუ პრეზიდენტი გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ამ შემთხვევაში აუცილებლად ამას სათანადოდ აღვნიშნავთ.

ეს არის ერთ-ერთი განცხადება, რომელიც სათანადო აღნიშვნის ღირსია. ჩვენ ვთქვით, რომ სალომე ზურაბიშვილი მაინც არ ლახავს გარკვეულ წითელ ხაზებს, რაც ძალიან მისასალმებელია და ეს არის ამის მორიგი მაგალითი.

სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში მოქმედებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც იმსახურებს სათანადო აღნიშნავს ჩვენი მხრიდან. ჩვენ ყოველთვის დავუფასებთ სალომე ზურაბიშვილს ნებისმიერ განცხადებას და მოქმედებას, რომელიც გამომდინარეობს და შეესაბამება ეროვნულ ინტერესებს," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები