დატბორილი სახლები, ავტომობილები, მაღაზიები და აფთიაქები - გურჯაანში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
ქალაქის ცენტრალური ქუჩა ახლაც დაკეტილია, აქ მდინარე ნავთისხევი კალაპოტის გარღვევის შემდეგ რამდენიმე საათი მიედინებოდა.
წყალდიდობამ მნიშვნელოვნად დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა, ამას გარდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა.
ფერმერების თქმით, ვენახები განადგურებულია და მოსავლის გარეშე დარჩნენ, ჯერ-ჯერობით ნაადრევია საუბარი მიყენებული ზარალის საერთო ოდენობაზე.
პრემიერ-მინისტრის დავალებით მუნიციპალიტეტში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ.
შეხვედრაზე, გაზმომარაგების და ელექტროენერგიის საკითხების მოგვარებაზე ისაუბრეს.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მერაბ გამყრელიძის განცხადებით, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
"ამ წუთებშიც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. დღის ბოლომდე მაქსიმალურად მოხდება დაზიანებული უბნების გაწმენდა. სამუშაოები მიმდინარეობს წყლის აღდგენის მიმართულებითაც," - აცხადებს გამყრელიძე.
სტიქიის ადგილზე მივიდა დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად არასათანადო სამუშაოების განხორციელებაში ადანაშაულებდა, თუმცა მას ადგილობრივები დაუპირისპირდენენ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პოპულიზმში დაადანაშაულეს.