სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო’სალივანის თბილისში ვიზიტი შეაფასა "საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრმა პაატა მანჯგალაძემ. მანჯგალაძის თქმით, თუ დადასტურდება, რომ საქართველო რუსეთს სანქციების ავლაში ეხმარება, ეს ძალიან მძიმე შედეგი იქნება ქვეყნისთვის.
მანჯგალაძის განმარტებით, თუ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც პუტინის სამხედრო მანქანას ომის გაგრძელებაში ეხმარებიან, მაშინ ისინი აუცილებლად უნდა დასანქირდნენ.
"თუ დადასტურდება, რომ საქართველო მონაწილეობს სანქციების გვერდის ავლაში, ეს იქნება ძალიან მძიმე. თქვენ იცით, ამერიკის განცხადება და პარტნიორების განცხადებები, ის სახელმწიფოები, კომპანიები და კერძო პირები, რომლებიც სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობენ, თავად მოჰყვებიან სანქციების ქვეშ. მე არ მინდა, რომ საქართველოს სანქციები დაუწესონ, მაგრამ თუ ასეთი ადამიანები არსებობენ, რომლებიც საქართველოს მხრიდან ეხმარებიან პუტინის სამხედრო მანქანას ომის გაგრძელებაში და არ მონაწილეობენ ამ სისტემაში, აუცილებლად უნდა დასანქირდნენ", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ევროკავშირის სანქციების თავის არიდება არ მოხდეს საქართველოს გავლით და საქართველომ ამის გამო, არაერთხელ მიიღო კარგი შეფასებები.
"ოპოზიცია კი არ ეჭვობს, ოპოზიცია ოცნებობს, რომ შავი ხვრელი იყოს საქართველო. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს აქვს ძალიან მტკიცედ განსაზღვრული პოლიტიკა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ევროკავშირის სანქციების თავის არიდება არ მოხდეს საქართველოს გავლით და საქართველომ ამის გამო, არაერთხელ მიიღო კარგი შეფასებები, სწორედ იმ ნაბიჯების გამო და იმ ქმედებების გამო, რასაც ჩვენი სახელმწიფო უწყებები ახორციელებენ, შესაბამისად ჩვენ, გავაგრძელებთ ევროკავშირთან, ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობას იმისათვის, რომ საქართველომ ეს კარგი შეფასებები შეინარჩუნოს. ქართველები, ქართველი პოლიტიკოსები, მათ შორის სანქციების პირველი პაკეტის დროს, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ახსენა ოცჯერ, "შავი ხვრელი საქართველო", ეს რა იყო მაშინ არავინ არ იცოდა. ასე, რომ ეს კამპანია აქ არის დაწყებული, ჩვენივე პოლიტიკოსების მხრიდან და მიმართულია ქვეყნის რეპუტაციის შესალახად და ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.