საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.
"ევროპის საბჭოს ცენტრალური როლი აკისრია ამ კონტინენტზე ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვაში. ეს ღირებულებები კი საკვანძოა მშვიდობისა და სტაბილურობის, აგრეთვე გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ვფიქრობ ეს სიტყვები ერთნაირად კარგად ჟღერს დღეს ევროპაშიც და საქართველოშიც. რუსეთის უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, იყო სწორედ იმის შედეგი, რომ რუსეთმა ამ ღირებულებებზე უარი თქვა. ამიტომაც გაირიცხა რუსეთი ევროპის საბჭოდან და ამიტომაც ვაკეთებთ ყველაფერს უკრაინის მხარდასაჭერად.
საქართველოსა და ევროპულ საბჭოს შორის თანამშრომლობა ძლიერია. ჩვენი მიმდინარე სამოქმედო გეგმა კი, რომელიც წლის ბოლომდეა განსაზღვრული, ეხმარება თქვენს მთავრობას რეფორმების გაუმჯობესებაში, იქნება ეს კორუფციასთან ბრძოლა, მართლმსაჯულება, მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ქალებისა თუ ბავშვების წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლა.
ევროპული საბჭო გარწმუნებთ,რომ გააგრძელებს თქვენი რეფორმების გაძლიერებას, რაც უნდა ითქვას, რომ მთავარი ინსტრუმენტია თქვენი ევროკავშირისკენ მისწრაფებების კონტექსტშიც. ვაფასებთ თქვენს ღირებულ ძალისხმევას რეფორმების საქმეში და იმედია მომავალი სამოქმედო გეგმა იმაზე უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ახლა - რადგან საჭიროებები დიდია, ამბიციები კიდევ უფრო დიდი - ასე რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ. მსურს დავადასტურო, რომ მტკიცენი ვართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ვაგრძელებთ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მსურს აღვანიშნო, რომ ვიქნებით მომთხოვნი რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის - გავაგრძელებთ რუსეთისთვის ვალდებულების დაკისრებას გადაწყვეტილების შესასრულებლად,"- აცხადებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია მოლაპარაკებები პარლამენტის თავმჯდომარესთან და იუსტიციის მინისტრთან.
მარია ბურიჩი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და წეროვანის დევნილთა დასახლებას. სტუმარს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტიც.