"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, კასპში მოქალაქეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი ერთ-ერთ აქტივისტს თავად ხაბეიშვილმაც მიაყენა სიტყვიერი, შემდეგ კი სხვა პირს ფიზიკური შეურაცხყოფა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ იმ პირების მობილიზება, ვინც ხაბეიშვილს თავს დაესხა, "ქართულმა ოცნებამ" მოახდინა:
"თავს დაესხნენ ლევან ხაბეიშვილს, ალყაში მოაქციეს ადამიანები, იყო ქვების სროლა და პაპუასებივით იქცეოდნენ. როგორც მერე გაიშიფრნენ, ეს ადამიანები აღმოჩნდნენ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები, მათ მთლიანად შიდა ქართლის მობილიზება მოახდინეს და როგორც ჩანს ეს გზა აქვს მმართველ გუნდს არჩეული,"- აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტების” წევრი ხატია დეკანოიძე კი ვარაუდობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობები კიდევ უფრო გამძაფრდება.
კასპში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, მომხდარზე ძალადობისა და ნივთის დაზიანების მუხლებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.