სპონტანური ინციდენტი ხალხის პოლიტიკური განწყობის საფუძველზე, თუ ორგანიზებული თავდასხმა ოპოზიციური პარტიის ლიდერსა და მხარდამჭერებზე - კასპში მომხდარი ინციდენტიდან ერთი დღის შემდეგ, მომხდარს პოლიტიკურმა მხარეებმა პრინციპულად განსხვავებული სახელი დაარქვეს.
ოპოზიციის შეფასებით, ეს ორგანიზებული ძალადობაა პარტიული თუ საჯარო მოხელეების ჩართულობით, რასაც არჩევნების მოახლოებასთან ერთად, შესაძლოა განმეორებითი ხასიათი ჰქონდეს.
პოლიტიკური ბრალდებებს დღეს კასპის მერმა და შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილემ უპასუხეს. ისინი ლევან ხაბეიშვილისგან და მისი თანაგუნდელებისგან განსხვავებულ ვერსიას ჰყვებიან. ეს განსაკუთრებით იმ ნაწილს ეხება, თუ რა მიზნით აღმოჩნდნენ ადგილზე საჯარო მოხელეები და მმართველი პარტიის წევრები. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დახმარება "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბადრი ბასიშვილმა ითხოვა, მასთან მისული ხალხი კი მოძალადეებად შერაცხეს. ამ ვერსიასთან დაკავშირებით, თავად ბასიშვილმა დღეს "კურიერის" კითხვებს არ უპასუხა.
ძალადობის მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებას, კატეგორიულად გამორიცხავენ "ქართული ოცნების“ ლიდერები. მოტივს ისინი, წინა ხელისუფლებით და "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობით ხალხის უკმაყოფილებაში ხედავენ. პარტია ძალადობას ემიჯნება.
პოლიტიკური შეფასებების მიღმა, კასპში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობს. საქმე 2 მუხლით არის აღძრული - ესენია ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება.