რუსეთში ამბოხის მცდელობასა და საქართველოში ოპოზიციის უმრავლესობის გეგმებს შორის კავშირზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ საგანგებო წერილში ისაუბრა. ევგენი პრიგოჟინის გულშემატკივრობაში ირაკლი კობახიძემ ე.წ მეორე ფრონტის გახსნის სურვილი ამოიკითხა. მმართველი ძალის ლიდერის შეფასებით, ოპოზიციის ნაწილმა პრიგოჟინის შესაძლო წარმატებაში საკუთარი შანსების რეალიზებაც დაინახა.
"ჩვენ გვჭირდება არა ომი, არამედ აფხაზებთან და ოსებთან ერთად ზრუნვა ერთიანი წარმატებული სახელმწიფოს ასაშენებლად,"- ნათქვამია "ოცნების" ლიდერის ფეისბუქ სტატუსში. კობახიძის თქმით, მათი პრინციპული პოზიციაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგეს, ე.წ მეორე ფრონტის პირობებში კი ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც დაიწყება; ეს კი, "ოცნების" ლიდერის შეფასებით, მომავალი თაობების წინაშე დანაშაული იქნება.
პრიგოჟინის გეგმებთან ოპოზიციის მიზნების დაკავშირებას საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მცდელობას უწოდებენ "ნაციონალური მოძრაობასა" და "ლელოში". ირაკლი კობახიძის განცხადების ადრესატები ირწმუნებიან, რომ მათი მიზანი ქაოსის ხელშეწყობა არ არის და თავადაც სამშვიდობო პოლიტიკის მომხრეები არიან.
ოპოზიციის ნაწილისთვის "ქართული ოცნების" შეფასება მთავარი საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა. არ უარყოფენ, რომ გასულ კვირას პრიგოჟინს გულშემატკივრობდნენ, თუმცა იმ მოტივით, რომ სურდათ ვლადიმერ პუტინსა და "ვაგნერის" მეთაურს შორის დაპირისპირება გაღრმავებულიყო.
ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულებასა და რეაქციებს სახელისუფლებო ძალა ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკის გაგრძელებას უწოდებს. "ქართული ოცნება" მოუწოდებს ოპონენტებს, უარი თქვან სახელმწიფო ინტერესის საწინააღმდეგო დღის წესრიგზე.
ერთდღიანი სამხედრო ამბოხი რუსეთში 24 ივნისს დაიწყო და დასრულდა. პრიგოჟინმა რუსეთის არმია "ვაგნერზე" სარაკეტო დარტყმებში დაადანაშაულა. საპასუხოდ კი 25 ათასმა მებრძოლი ე.წ "სამართლიანობის მარშში" ჩაება. მოსკოვამდე დარჩენილი 200 კილომეტრის გავლაზე პრიგოჟინმა უარი ამბოხის გამოცხადებიდან მალევე თქვა და მიზეზად ძმათა შორის ომის და "სისხლისღვრის"თავიდან აცილება დაასახელა.