15 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, პატიმარი სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს, დისტანციურად კვლავ დაესწრო - ექსპრეზიდენტმა საკუთარ მხარდამჭერებს, ხელისუფლებას და პარლამენტის სპიკერს მიმართა

პირველივე მოთხოვნა, რომელიც სასამართლოში მიხეილ სააკაშვილმა დააყენა - სასჯელის სამაჯურით მოხდა იყო. თითქმის ხუთთვიანი პაუზის შემდეგ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი დღეს პროცესზე ვივამედის კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო. პატიმრობის ალტერნატიული ფორმა თავადვე ითხოვა, თუმცა კვლავ ყველა ბრალდება უარყო.

სასამართლო პროცესს არც პოლიტიკური განცხადებების გარეშე ჩაუვლია. ვივამედის კლინიკიდან სააკაშვილმა კიდევ ერთხელ სცადა მისი ვიზუალური მდგომარეობის დემონსტრირება და განაცხადა, რომ მას, როგორც ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელს, ბოდიში უნდა მოუხადონ. ექსპრეზიდენტი ხელისუფლებისგან ღია პოლიტიკური დებატების უზრუნველყოფას და მმართველ გუნდის სანქცირებას ითხოვს. დებატების ნაცვლად ექიმების რეკომენდაციის შესრულებას და კვების რაციონის აღდგენას ურჩევენ მიხეილ სააკაშვილს სახელისუფლებო გუნდში.

“ქართული ოცნება“ პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტთან პოლიტიკურ დისკუსიაში შესვლას არ აპირებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს დღეს, მისივე პარტიის თავმჯდომარე ბრიფინგით გამოეხმაურა.

ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების გარეშე ქვეყანაში პოლარიზაცია არ დასრულდება. სიყალბის პოლიტიკურ პროცესად გაყიდვა - ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის მოქმედ თავმჯდომარეს მისი წინამორბედი. სააკაშვილის გათავისუფლების იდეით პარტიის სათავეში მოსულ კეზერაშვილ-მერაბიშვილის ჯგუფს ნიკა მელიამ სოციალური ქსელით მიმართა.

მმართველი გუნდიდან დღეს მიხეილ სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც შეახსენეს. ქართულ ოცნებაში ექსპრეზიდენტის გარემოცვას ლობისტებზე თანხების დაზოგვა ურჩიეს.

მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში დღეს არაფერი უთქვამს განსახილველ საქმეზე, რომელიც 7 ნოემბრის მოვლენებს ეხეხება. ექსპრეზიდენტთან ერთად ამავე საქმეში ბრალდებული დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი კი დღეს სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობაში დატოვა.

დღის ამბები