მოსწავლეებს, რომლებიც დღეიდან ჯარის ბანაკში იცხოვრებენ, კონკრეტული მიზნები აქვთ. სამხედრო განათლების მიღება და თავდაცვის ძალებში ჩარიცხვა. ბანაკში ახალგაზრდები ჯარისკაცების საქმიანობის სპეციფიკას გაეცნობიან.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში, თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის გახსნის ღონისძიებას პრემიერი დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა მოსწავლეებს უთხრა, რომ ჯარის ბანაკი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სწორი ღირებულებების პოპულარიზაციასა და პატრიოტული სულისკვეთების გაზრდას.
პრემიერის შემდეგ ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს განათლებისა და თავდაცვის მინისტრებმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ, უწყებაში გატარებულ რეფორმებზე, კადეტთა კორპუსების მშენებლობასა და სკოლებში "სამხედრო საქმის" სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ჯარის ბანაკის გახსნის შემდეგ, პრემიერმა მოსწავლეებთან ერთად თავდაცვის ძალების შეიარაღება და ახალგაზრდებისთვის სპეციალურად მოწყობილი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
სწავლის პროცესში, რომლის მიზანიც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა, ინსტრუქტორები ჩაერთნენ. მოსწავლეებს, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, მძიმე ჯავშანტექნიკასა და ქვეითბრიგადაში არსებულ შეიარაღებასაც გააცნობენ.
ახალი პროექტი, რომელიც აგვისტოს ბოლოს დასრულდება, პრემიერის ინიციატივით, თავდაცვისა და განათლების სამინისტროების ჩართულობით ხორციელდება. ბანაკში საერთო ჯამში მონაწილეობას 800 მოსწავლე მიიღებს.