15 ნოემბერი 2024,   14:16
ვრცლად
თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა პარლამენტში კამათის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტში თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს. მთავარი ცვლილება ეხება სამხედრო სავალდებულო სამსახურის 12 თვიანი ვადის შემცირებას, ასევე, რელიგიური ორგანიზაციების წევრობა არ იქნება სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების საფუძველი, გაწვევა ყოველწლიურად განხორციელდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

კანონპროექტს მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე წარადგენს. ოპოზიცია კრიტიკულია, პარტიები ფიქრობენ, რომ ცვლილებები დისკრიმინაციულია. სხდომაზე სხვა ოპოზიციონერ წარმომადგენლებთან ერთად განცხადება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ. 

"ეს პროცესი ჩვენს მიერ შეფასდა და ამ შეფასების გამო სანდრო რაქვიაშვილს ხელი მოხვდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან. ჩვენ ამაზე არ ვტირით, არ ვწუწუნებთ და სასამართლოში ჩივილს არ ვაპირებთ. მაგრამ, ჩვენ ადამიანებისთვის არ მიგვიყენებია შეურაცხყოფა, არც ბატონ მიშასთვის მიგვიყენებია შეურაცხყოფა. არც ერთ თქვენგანს არ ვაყენებთ შეურაცხყოფას პიროვნულად და ადამიანურად, და თუ თქვენ ამის მიუხედავად ჩვენთან ჩხუბი გინდათ, ჩვენი გალახვა გინდათ, ეს  არის თქვენი ერთადერთი იარაღი, აგერ ვართ, მზად ვართ იმისთვის, რომ თუ გასალახები ვართ გავილახოთ. მაგრამ,  შეგვეძლოს ამ დარბაზში, ჩათლახობას დავარქვათ ჩათლახობა და ეს პროცესი, ასე მიღება კანონის არის ჩათლახობა," - აცხადებს იაგო ხვიჩია. 

უმრავლესობა კი აცხადებს, რომ კანონპროექტი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება და რეფორმირება მნიშვნელოვანია მისი გაძლიერებისთვის.

"ძალიან მშვიდად და წყნარად მივიღებთ ამ კანონს, რამდენი დროც დასჭირდება აქ ვიჯდებით და ამ კანონს მივიღებთ მშვიდად და წყნარად, მიუხედავად იმისა, რომ ეწინააღმდეგებით ასეთ მნიშვნელოვან კანონს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

ავტორი: ანუკა ბუავა 

 

დღის ამბები