გენდერული თანასწორობის კუთხით - ეს არის მეცხრე პრიორიტეტი, გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები, დამტკიცდა გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია, ძალიან ინკლუზიური იყო ეს პროცესი, რომლის საფუძველზეც შემუშავდა ეს დოკუმენტი. ასევე დამტკიცდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია, ცვლილებები შევიდა ნორმატიული აქტების შესახებ კანონში, რაც უკავშირდება გენდერული ზეგავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაციას, ასევე შევიდა ცვლილებები ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონში და ეს კანონი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი, სტამბოლის კონვეციასთან - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიშის წარდგენისას.
მისი თქმით, ცვლილებები შევიდა ასევე გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში იმისათვის, რომ უკეთ აღსრულდეს არსებითი თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი.
"საარჩევნო კოდექსში შევიდა ასევე ცვლილებები და გახანგრძლივდა საარჩევნო კვოტების მოქმედება, ასევე შევიდა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში და სხვა შესაბამის თანმდევ კანონებში, რომელთა საფუძველზეც ევროპული სტანდარტების და სტამბოლის კონვეციის შესაბამისად მოწესრიგდა ისეთი საკითხები, რომლებიც უკავშირდება სექსუალურ დანაშაულს, არანებაყოფლობით აბორტს, იძულებით ქორწინებას და სხვა მსგავს საკითხებს. ამ სფეროშიც განხორციელდა გენდერული თანასწორობის სფეროში ფუნდამენტური ცვლილებები, ევროკავშირის რეკომენდაციების და სხვა შესაბამისი ინსტიტუტების რეკომენდაციების შესაბამისად" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, ირაკლი კობახიძის თქმით, ამ საკითხს პარლამეტის თავმჯდომარე უწევდა პირადად კოორდინაციას.
"არსებითად კოორდინაცია ხორციელდებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორმით საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან და მათთან პარტნიორობით იყო უზრუნველყოფილი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობა 12 პრიორიტეტის შესრულებაში.
თითოეული სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ორი წარმომადგენელი იყო ამ პლატფორმიდან, გამონაკლისი იყო მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც თვეებით ადრე სცენიდან ითხოვდა მთავრობის გადადგომას, მხოლოდ ისინი არ მონაწილეობდნენ შესაბამის პროცესში. საკომიტეტო მოსმენები იყო ასევე ღია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის და ნებისმიერ მათგანს შეეძლო აქტიურად მონაწილეობა მიეღო განხილვებში.
პარლამენტის თავმჯდომარე პირადად გახდა ასევე ღია მართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, რაც მეტყველებს განსაკუთრებულ პრიორიტეტზე, რომელიც დაკავშირებულია ამ თემასთან" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მეტერთმეტე პრიორიტეტი უკავშირდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას.
"აქაც შემუშავდა ცვლილებები კანონმდებლობაში, რომლის საფუძველზეც საერთო სასამართლოებს ევალებათ სათანადოდ გაითვალისწინონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები საკუთარი გადაწყვეტილებების გამოტანის დროს" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. აქვე მან ისაუბრა სახალხო დამცველის არჩევაზე.
"როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ავირჩიეთ სახალხო დამცველი 96 ხმით, დეტალებს აღარ გავიხსენებ, ყველას გახსოვთ როგორ წარიმართა ეს პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ იყო სერიოზული ბულინგი ოპოზიციონერ დეპუტატებზე, ჩვენ მაინც მოვახერხეთ საბოლოო ჯამში ამ გადაწყვეტილების მიღება და 96 ხმით დამტკიცდა სახალხო დამცველი" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.