პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რაც უნდა პოლიტიკურად მიზანშეწონილად ეჩვენებოდეს ვინმეს, არ არის სწორი მიდგომა, ჩადენილი დანაშაულებისთვის დაკისრებული სასჯელის აღსრულებას ვინმე გარედან ხელს უშლიდეს.
აღნიშნულით სარჯველაძე უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინაში საქართველოს ელჩს სთხოვა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე.
"სამწუხაროდ, არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გასაგები მიზეზების გამო რელევანტური პასუხით დავუპირისპირდეთ ასეთი ტიპის განცხადებებს. იმედი მაქვს მალე დადგება ის დღე, როდესაც შეგვეძლება იმის გაკეთება, რომ რეალურად აღარ იმყოფებოდეს საომარ მდგომარეობაში და შეგვეძლოს ყველაფერს საკადრისი პასუხი გავცეთ. სამწუხაროა, რომ ასეთი მდგომარეობა იქმნება და არ უფრთხილდებიან იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებობს.
ალბათ ყველა კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ იმ ადამიანს, ვისაც ექომაგებიან, ჩადენილი აქვს არაერთი უღირსი დანაშაული საქართველოში და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, როდესაც არ აცლი ქართულ მართლმსაჯულებას, რომ აღასრულოს დამსახურებული სასჯელი," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე იმყოფებოდა საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი. ინფორმაციას უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს. ტექსტში წერია, რომ დიპლომატი უკრაინის პრეზიდენტის ინსტრუქციების შესასრულებლად დაიბარეს, რომელმაც, გამოხატა მწვავე პროტესტი საქართველოში პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქე, სააკაშვილის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებასთან დაკავშირებით. ტექსტში ნათქვამია, რომ ქართველ დიპლომატთან საუბრის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ეს დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის მიმართ შეურაცხყოფა. ამასთან დაკავშირებით, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი გაიწვიეს რომ დაბრუნდეს თბილისში კონსულტაციებისთვის რომ მოიძიონ არსებული სიტუაციის მოგვარების გზები. უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მზადყოფნას სასწრაფოდ განიხილონ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი.