ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩოგბურთის კორტების მშენებლობა იწყება.
ვეტერანი ჩოგბურთელი იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, საჩოგბურთო კორტებზე ვარჯიშობდა. აკა მეტრეველი "კურიერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ სპორტული მოედანი ინფრასტრუქტურულად მამის და მისი მეგობრების მოწყობილი იყო. ამბობს რომ თბილისის მერიის ახალ გადაწყვეტილებას, მისთვის ორმაგი დატვირთვა აქვს.
საჩოგბურთო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სპორტული მოედნების დეფიციტზე საუბრობს. დათო კვერნაძე აცხადებს, რომ ყველაზე მეტად დამწყებ ჩოგბურთელებს უჭირთ, რადგან მოედნის დასაკავებლად რიგში საათობით დგანან. ახალი კომპლექსი სპორტსმენებს დროს დაუზოგავს და პროფესიულ ზრდასაც კომფორტულ გარემოში უფრო მარტივად შეძლებენ.
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების მშენებლობის დაწყება მთავრობის სხდომაზე დღეს კახი კალაძემ დააანონსა. თბილისის მერის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად გასხვისდა, თუმცა შემდეგ დედაქალაქის ახალმა მთავრობამ გამოისყიდა. ტერიტორიის დაბრუნება 11 მლნ ლარი დაჯდა.
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ახალ საჩოგბურთო კომპლექსს შპს კორტები ააშენებს. 7 200 კვადრატულ მიწის ფართობზე, 2 ღია და ერთი დახურული საჩოგბურთო კორტი, 50 მეტრიანი საცურაო ოლიმპიური აუზი, სავარჯიშო დარბაზები, კების ობიექტები და მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა.
ახალი საჩოგბურთო კორტების მშენებლობა 2025 წლის ზაფხულში დასრულდება. პროექტის ღირებულება 35 მლ ლარია.