სხდომა, სადაც თავდაცვის კოდექსში ცვლილებები უნდა განეხილათ, კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. აღნიშნული საკითხს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.
მისი თქმით, "გირჩის" დამოკიდებულება ქართული ჯარის მიმართ ახალი არ არის. ამასთან, "ბოლო დღეებია, ოპოზიცია აყოლილია "გირჩს" და ეხმარებიან, ხელი შეუშალონ თავდაცვის კოდექსის მიღებას."
"თავდაცვის კოდექსში ცვლილებების პროექტი ასევე შეთანხმებულია პარტნიორებთან კონსულტაციების გზით და ეს არის ის სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც სჭირდება ჩვენს ჯარს, ყველა ჯარისკაცს. ქართული ჯარის მიმართ „გირჩის“ დამოკიდებულება ახალი არ არის. ისინი ცდილობენ, ამ კანონის მიღებას ხელი შეუშალონ. არ ვიცი, რა მიზეზები აქვთ დანარჩენ ოპოზიციას, როგორც ჩანს, ამით ცოტათი ერთობიან და აყოლილი არიან „გირჩს“, რათა პროცედურულ ხრიკებში დაეხმარონ," – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, როცა უმრავლესობამ თავის დროზე არ გაიარა რეგისტრაცია, ამას ოპოზიცია აპროტესტებდა და რეგლამენტის დარღვევად აცხადებდა. მისივე განცხადებით, დღეს ოპოზიციამ აღიარა, რომ ეს არის არა რეგლამენტის და კონსტიტუციის დარღვევა, არამედ საპარლამენტო ინსტრუმენტი.
"რა თქმა უნდა, ეს მათი უფლებაა. დღეს არ გაიარეს რეგისტრაცია, ხოლო უმრავლესობის ნაწილში არ იყო იმდენი დეპუტატი, რამდენიც საკმარისი იქნებოდა სხდომის გასახსნელად, ვინაიდან რამდენიმე დეპუტატი ვიზიტით იმყოფება. მათ შორის საქართველოში ამ დღეების განმავლობაში იმართება ფრანკოფონიის სამიტი და იქაც არიან ჩვენი დეპუტატები წარმოდგენილი. ამიტომ, უმრავლესობას როცა ეყოლება საკმარისი რაოდენობა სხდომის გასახსნელად, სხდომა გაიხსნება.
თავის დროზე, როცა უმრავლესობამ ამ პროცედურულ საშუალებებს მიმართა, არ გაიარა რეგისტრაცია, ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს იყო რეგლამენტის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ქმედება.ზუსტად იგივე გააკეთა დღეს ოპოზიციამ, იყო დარბაზში და არ გაიარა რეგისტრაცია. ანუ, ამით მათაც აღიარეს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც შეიძლება რეგლამენტიდან გამომდინარე. ასევე, გახსოვთ, როდესაც საერთოდ არ გაიხსნა სხდომა, საუბარი იყო რიგგარეშე სხდომაზე. მაშინ ამბობდნენ, თითქოს სხდომის დარბაზი ჩაკეტა პარლამენტის თავმჯდომარემ, ჩარაზა, არ უშვებდა. ამის საფუძველი იყო ის, რომ უმრავლესობამ მომმართა და მითხრა, რომ ისინი არ იქნებოდნენ სხდომაზე, ანუ წინასწარვე ცნობილი იყო, რომ არ იქნებოდა კვორუმი, რის გამოც სხდომათა დარბაზი არც გაიხსნა. ზუსტად ასეთი ვითარება შეიქმნა ახლაც. ხვალაც, 11:00 საათზე უნდა შევკრებილიყავით, კიდევ ჩაგვეტარებინა რეგისტრაცია, მაგრამ ვინაიდან აქედანვე ცნობილია, რომ ოპოზიცია არ გაივლის რეგისტრაციას, ხოლო უმრავლესობას საკმარისი რაოდენობის დეპუტატები არ ჰყავს სხდომის გახსნისთვის, დარბაზიც არ გაიხსნება," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.