საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი აცხადებს, რომ მისი გაწვევის საკითხთან დაკავშირებით, "უკრაინის მხარეს განემარტა საქართველოს მხარის პოზიცია და ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მიერ არის დაფიქსირებული, არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით".
ზაქარაშვილის თქმით, ეს მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და შესაბამისად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს კომუნიკაციის კუთხით.
"გუშინ დილით გვქონდა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, რომელმაც ამ შეხვედრის მსვლელობისას მაუწყა უკრაინის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მთხოვა ქვეყნის დატოვება საქართველოში კონსულტაციების გამართვის მიზნით, შეხვედრიდან 48 საათის განმავლობაში. რაზეც ცხადია დავეთანხმეთ, ვინაიდან ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა და თხოვნა. უკრაინის მხარეს განემარტა ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მხარის პოზიცია და ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მიერ არის დაფიქსირებული, არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა მრავალი ფაქტით, რომელიც გავრცელდა არაერთხელ საარტელოს ხელისუფლების მხრიდან.
აღინიშნა, რომ ეს მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და შესაბამისად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს კომუნიკაციისათვის. აღინიშნა ასევე ის და ეს უკრაინის მხარემ ისედაც კარგად იცის, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ რუსეთის ინტერვენციის პირველივე დღიდან, საქართველო მაქსიმალურად ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მათ შორის, ყველა საერთაშორისო მოედანზე, ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება. აქ ყველგან, საქართველო იდგა უკრაინის გვერდით, ისევე როგორც ჰუმანიტარულ ნაწილში. არამხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი გამოიგზავნა ინტერვენციის პირველივე დღეებიდან, ასევე გაკეთდა არაერთი სხვა ჰუმანიტარული პროექტი, მათ შორის, 300-ზე მეტი ბავშვი ჩამოვიდა საქართველოში დასასვენებლად და ჩემს მიერ აღინიშნა, რომ ეს პროექტები, მიუხედავად ამ ბოლო მოვლენებისა, აუცილებლად გაგრძელდება", - განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.