აღინიშნა ისიც, რომ მსგავსი თხოვნა უკრაინის მხარის, რომ მე დავტოვო უკრაინის ტერიტორია, ნეგატიურად აისახება ორმხრივ ურთიერთობებზე, რაც არ შედის არც ერთი მხარის ინტერესში, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში, ზელენსკის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
"გუშინ დილით შეხვედრა მქონდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეხვედრა შედგა მინისტრის მოადგილესთან, რომელსაც ცხადია საკმაოდ კარგად ვიცნობ. საუბარი შეეხო იმ საკითხებს, რომლებზეც წინა დღეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისაუბრა. ანუ უკრაინის მხარის მიერ გამეორებული იქნა ის, რაც თქვა მათმა პრეზიდენტმა. კონკრეტულად ის, რომ შეწუხებულები არიან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით. შესაბამისად, მთხოვეს ქვეყნის დატოვება 48 საათში, რათა გავმართო კონსულტაციები დედაქალაქში ამ საკითხთან დაკავშირებით," -აცხადებს გიორგი ზაქარაშვილი.
ამასთან, გადაცემის წამყვანის კითხვაზე, გადასცა თუ არა ელჩმა ოფიციალურ კიევს ოფიციალური თბილისის პოზიცია, ზაქარაშვილი პასუხობს, რომ შეხვედრაზე ეს პოზიცია დაფიქსირდა.
"რა თქმა უნდა, თბილისის პოზიცია დაფიქსირდა შეხვედრაზე. ეს პოზიცია არაერთხელ დაფიქსირდა მანამდეც, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უმაღლესი რადას დეპუტატებს, ასევე უკრაინის ომბუდსმენს არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია. უკრაინის მხარეც მანამდეც სრულად ინფორმირებული იყო, თუ რა ვითარება არის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ ამ შეხვედრაზეც მიეწოდათ ინფორმაცია, განემარტათ საქმის ირგვლივ არსებული ყველა გარემოება. შესაბამისად, აღინიშნა ისიც, რომ მსგავსი თხოვნა უკრაინის მხარის, რომ მე დავტოვო უკრაინის ტერიტორია, ნეგატიურად აისახება ორმხრივ ურთიერთობებზე, რაც არ შედის არც ერთი მხარის ინტერესში. ასევე ხაზი გაესვა იმ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, რომელსაც საქართველო რუსეთის ინტერვენციის პირველივე დღიდან უწევს უკრაინას, მათ შორის საელჩოს გვერდზე დგომას. უკრაინის მხრიდან გამეორდა პრეზიდენტის მიერ გამოთქმული მოსაზრებები," - აცხადებს გიორგი ზაქარაშვილი.