15 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
ირაკლი კობახიძე - როდესაც ევროკომისიას არც ერთი რეკომენდაცია აღარ აქვს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ დიდი სამუშაო, რაც განხორციელდა თავიდან ბოლომდე დადებითად შეფასდა და ეს პუნქტი ჩაიხურა

ჩვენ ფუნდამენტური ცვლილებები განვახორციელეთ საარჩევნო კოდექსში. როდესაც ევროკომისიას არც ერთი რეკომენდაცია აღარ აქვს სამომავლოდ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ის დიდი სამუშაო, რაც განხორციელდა საარჩევნო კოდექსის ნაწილში, თავიდან ბოლომდე დადებითად შეფასდა და ეს პუნქტი ჩაიხურა - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში განაცხადა.

რაც შეეხება ცესკოს დაკომპლექტებას, ირაკლი კობახიძის თქმით, არ შეიძლება რაღაცა მოგთხოვონ ისე თუ ამას წინ არ უძღვის მსჯელობა.

„მთავარი რაც იყო საარჩევნო რეფორმის ნაწილში, მთლიანად ჩახურულია. საქმე ეხება მხოლოდ პრაქტიკას, ეს ერთი და მეორე - რაც შეეხება ცესკოს დაკომპლექტებას, არ შეიძლება რაღაცა მოგთხოვონ ისე თუ ამას წინ არ უძღვის მსჯელობა. ჩვენ გვაქვს არგუმენტი და მთავარი არგუმენტი რა არის - ორ წელიწადზე მეტია გასული მას შემდეგ, ცესკოს წინა თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დატოვა თანამდებობა და მას შემდეგ, ორ წელიწადზე მეტია, ცესკოს არ ჰყავს სრულფასოვნად არჩეული თავმჯდომარე. ექვსი თვით იყო ერთხელ არჩეული გიორგი კალანდარიშვილი, მეორედაც 6 თვით და ახლა საერთოდ აქვს გაგრძელებული ვადა მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა არავინ არ არის არჩეული თავმჯდომარის თანამდებობაზე. იგივე ეხება დამატებით ცესკოს ორ წევრს, ეს რომ არაჯანსაღი მდგომარეობაა, ეს ხომ ყველასთვის ცხადი უნდა იყოს? გარდა ამისა კონკურსი ჩატარდა, პრეზიდენტის მოვალეობაა, რომ კონკურსის შედეგების მიხედვით წარმოადგინოს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და წევრობის კანდიდატები. დაადგინა საკონკურსო კომისიამ, რომ ეს სამი ადამიანი იყო, კიდევ ერთხელ საუკეთესო წარმოდგენილ კანდიდატებს შორის. ამის მიუხედავად, კონკურსის შედეგები საერთოდ არ გაითვალისწინა პრეზიდენტმა და წარმოადგინა სხვა კანდიდატები. სამართლიანობა, ობიექტურობა, ყველაფერი გვერდზე გადადო პრეზიდენტმა და წარმოადგინა სხვა კანდიდატები, რატომ? საბაბი იყო, ის რომ ხაბეიშვილმა, გიორგი ვაშაძემ და სალომე სამადაშვილმა მხარი არ დაუჭირეს კალანდარიშვილს და ცესკოს ორ წევრს. ეს ხომ არის კონკრეტული მაგალითები რაც ადასტურებს, რომ მოქმედი წესი, გარდა იმისა, რომ უპრეცედენტოა ეს წესი, ჩადებული იყო 19 აპრილის შეთანხმებაში და აბსურდულია ეს წესი სამართლებრივი თვალსაზრისით. მსოფლიოში არსად არ არის ასეთი წესი, ეს ერთი, მაგრამ პრაქტიკაშიც რომ დადასტურდა, რასაც თავიდანვე ვამბობდით, როცა ხელს ვაწერდით მათ შორის ამ შეთანხმებას, რომ ეს იყო პრობლემური სამართლებრივად და იქნებოდა პრაქტიკაში პრობლემური, ეს დადასტურდა. ასეთ დროს, როგორ შეიძლება უარგუმენტოდ ვიღაცამ მოგთხოვოს იმ მახინჯი წესის დაბრუნება, რომელიც სამართლებრივადაც არასწორია და პრაქტიკაში გამოავლინა თავი პრობლემურად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გაიცა გამოძიებულ იქნას საარჩევნო დარღვევები.

„როგორც ვხვდები, საუბარია სამომავლო საპარლამენტო არჩევნებზე, რადგან, წინა საპარლამენტო არჩევნებს რაც შეეხება, საგამოძიებო კომისია შეიქმნა და ყველაფერი დეტალურად იქნა შესწავლილი, გამოძიებული და ურო მეტიც, ოპოზიციამ და ენჯეოებმა უმეტესობამ, უარი თქვა საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე. აქამდე ვერ გავაკეთებდით ამას, რაც გასაკეთებელი იყო აქამდე დარღვევების გამოძიების კუთხით ის უკვე გაკეთდა და ერთადერთი რეკომენდაცია დამატებით, რაც უკავშირდება არჩევნებს, ეს არის ის, რომ ცესკოს დაკომპლექტების ძველი წესი დარჩეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები