15 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
ყოველი დღე, რომელიც საქართველოს ურთიერთობას აფუჭებს უკრაინასთან, ძალიან მძიმე დარტყმა ქვეყნის რეპუტაციისთვის - რომან გოცირიძე

უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს ელჩი კიევს ტოვებს. ელჩის თქმით, მისთვის მიცემული 48-საათიანი ვადა დღეს 12 საათზე იწურება და ის უკრაინის საზღვრის გადაკვეთას მანამდე შეეცდება. რამდენიმე საათში გიორგი ზაქარაშვილს უკვე თბილისში ელოდებიან.

ოფიციალური კიევის გადაწყვეტილება თბილისში კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობებს აფუჭებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის საზიანოა.

„არის ერთ ადამიანზე საუბარი, მიხეილ სააკაშვილზე, განთავისუფლებაზე არ არის საუბარი მისი სიცოცხლის გადარჩენაზეა საუბარი, რომ სამკურნალოდ გადაიყვანონ. დაუყოვნებლივ უნდა იქნას ეს საკითხი გადაწყვეტილი ვინაიდან, ყოველი დღე, რომელიც საქართველოს ურთიერთობას აფუჭებს უკრაინასთან ეს არის ძალიან მძიმე დარტყმა ქვეყნის რეპუტაციისთვის “, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

”სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ქართული ხელისუფლების პირობებში მიხეილ სააკაშვილი გერმანული ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარს დაემსგავსა.

„არ მიკვირს პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილების, როცა მან ნახა მისი ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი ქართული ხელისუფლების პირობებში დაამსგავსეს, ფაქტობრივად გერმანული ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების პატიმარს, ბუნებრივია ჰქონდა ის რეაქცია რა რეაქციაც ჰქონდა. ელჩებს იწვევენ და აბრუნებენ, ელჩი წავა და წამოვა, მაგრამ ადამიანის სიცოცხლეს ვერავინ ვერ დააბრუნებს, ამიტომ ღირსეული საქციელია, როცა თუნდაც ერთი ადამიანისთვის ხდება ის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დღის ამბები