უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება, საქართველოს ელჩ საკონსულტაციოდ ქვეყანა დაატოვებინოს, ქვეყნის შიგნით განხილვის მთავარ თემად რჩება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის ფიქრობს, რომ უკრაინის საგანგებო თემა საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის თემას სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა.
„რასაკვირველია, უკრაინისთვის საგანგებო თემაა საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და ამას არც მალავენ იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაერთო საომარ მოქმედებებში, არ გაუკეთა ორგანიზება მოხალისეების წასვლას. მაშინ უკრაინამ გაიწვია ელჩი, როდესაც აშკარა პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ლაპარაკი არ იყო, შემდეგ ეს ყბადაღებული მოგონილი თემა რუსეთთან დაკავშირებით, შავ ხვრელებთან დაკავშირებით, ესეც ტყუილი გამოდგა და შემდეგ უკვე მოიგონეს, სააკაშვილის წამებისა და მოწამვლის თემა, რომელმაც ასევე არ იმუშავა და სტრასბურგის სასამართლომ ამას წერტილი დაუსვა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დალაგება რთული იქნება, თუმცა მმართველი გუნდი ურთიერთობის დარეგულირებას მაინც შეეცდება.
„აშკარად შეიმჩნევა რომ პრიორიტეტების ახლებურად გადალაგება ხდება, ამ შემთხვევაში უკრაინის მხრიდან. როგორც ჩანს ამ პრიორიტეტის კონფიგურაცია შეიცვალა ქართულ- უკრაინულ ურთიერთობებზე მეტად უფრო პრიორიტეტული გახდა სააკაშვილის მხარდაჭერა, ეს რა მიზნებს შეიძლება ისახავდეს ამაზე დასკვნების გაკეთება ჩვენს საზოგადოებას არ გაუჭირდება პოდოლაკის ან დანილოვის განცხადების შემდეგ. რთულია ამ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ურთიერთობების დარეგულირება, მაგრამ რასაკვირველია ჩვენი მხრიდან მცდელობას არ დავაკლებთ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.