საგარეჯოში, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეზე, ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმას მმართველი გუნდში ოპონენტის პროვოკაციად აფასებენ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მსგავსი დაპირისპირება ქვეყანაში პოლარიზაციას აღრმავებს, რაც ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის ხელისშემშლელია.
"ეს ხელს უწყობს შუღლისა და დაპირისპირების გაღვივებას და ეს შემდგომში გამოიყენება როგორც ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთ შემაფერხებელ ნაბიჯად, ანუ პოლარიზაციის და დეპოლარიზაციის არქონის ერთ-ერთ არგუმენტად, რითაც "ქართული ოცნება“ აბსოლუტურად არ არის დაინტერესებული, ამ კონკრეტული მიზეზის გამო. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი, განსაკუთრებით ხაბეიშვილი, მისი საქმიანობის და მისი არტიკულაცია მიმართულია იქითკენ, რომ მცირე, მაგრამ გარკვეული კონფლიქტური და დაძაბული კერები შექმნას, რაც დეპოლარიზაციის სურათის წარმოჩენას ემსახურება. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს ასეთი რეაქციის მიცემისაგან. მეორე მხრივ პოლიცია ამ დროს აქტიურად უნდა მიდიოდეს და ერთვებოდეს და განმუხტავდეს ამ დაძაბულობას“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.