"მიუხედავად უკრაინის მაღალჩინოსნის განცხადებებისა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გადამწყვეტი სიტყვა ექნება უკრაინის პრეზიდენტს, ეს ასე ნამდვილად არ არის. თუმცა, შეიძლება უბრალოდ მოიმიზეზონ, რომ აი, რადგან ზელენსკი არის წინააღმდეგი, ამიტომაც არ ვაძლევთ საქართველოს კანდიდატის სტატუსსო," - ამის შესახებ „ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ვერ იქნება რეალური მიზეზი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად, რადგან საქართველო ყველა კრიტერიუმით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა, ომის პარტიის წარმომადგენლების მიზანი სხვა არის - მეორე ფრონტის გახსნა, ამიტომ, შესაძლოა მათ კანდიდატის სტატუსის მონიჭებას ხელი შეუშალონ.
"უკრაინის ხელისუფლება ვერანაირად ვერ იქნება რეალური მიზეზი, იმიტომ, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას წყვეტენ ევროპული ქვეყნების ხელისუფლებები. გასაგებია, რომ ამ ხელისუფლებებს შორის თუნდაც ერთი ქვეყანა რომ აღმოჩნდეს, რომელიც ომის პარტიის წინაშე ვალდებულია მათი მოთხოვნები შეასრულოს, ამ შემთხვევაში, ამ ერთი ქვეყნის ხელისუფლება წავა წინააღმდეგ და ბუნებრივია, რომ საქართველოს კონსენსუსის გარეშე ევროკავშირის წევრობას ვერ მიანიჭებენ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ მიზეზი მოძებნონ და ეს მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ზელენსკის წინააღმდეგობა, ასევე შეიძლება იყოს ის, რომ თითქოს საქართველომ ის 12 პუნქტი არ შეასრულა და უამრავი სხვა რამ. თუმცა, თუ ობიექტური კრიტერიუმებით მივუდგებით, ყველასთვის ნათელია, რომ საქართველო ევროინტეგრაციისთვის საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების გზაზე ბევრად წინ დგას, ვიდრე - უკრაინა და მოლდოვა. უკრაინაზე გასაგები მიზეზების გამო ყურადღებას აღარ ვამახვილებთ, რადგან არის ომში, მაგრამ მოლდოვას, რომელიც არის დსთ-ს წევრი, კორუფცია არის უმაღლეს დონეზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ჩვეულებრივ წესად იქცა, სადაც ბრალდების გარეშე აკავებენ პოლიტიკურ ოპონენტებს და მათ შორის ყოფილ პრეზიდენტსაც, და ამას გვიჩვენებენ, როგორც მაგალითს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის მოთხოვნები, გასაგებია, რომ ამას ობიექტურ კრიტერიუმებს ვერ ვუწოდებთ. ეს არის ზეწოლა იმისთვის, რომ საქართველომ რაღაც გააკეთოს. ეს რაღაც კი არის ერთადერთი რამ - ომში უნდა ჩავერთოთ. სხვა მოთხოვნა საქართველოს მიმართ ვერ ექნებათ.
მაკფოლის ინტერვიუში იყოს სწორედ - მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში რუსეთს ისე გაუჭირდება, რომ იძულებული გახდება არა მხოლოდ მოლაპარაკებებზე წამოვიდეს, არამედ შეიძლება კაპიტულაციაც კი გამოაცხადოსო. სწორედ ეს არის მიზანი, რისთვისაც საქართველოზე ასეთი წარმოუდგენელი სახის ზეწოლა ხორციელდება, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ასევე, ომის პარტიის ისეთი წარმომადგენლების მხრიდან, როგორიც ბატონი მაკფოლი გახლავთ," - განაცხადა სოზარ სუბარმა.