15 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
ხელჩართული ჩხუბი, გინება და ქვათა ცვენა კახეთში - საგარეჯოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

საგარეჯოელების გაღიზიანება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების გამოჩენამ გამოიწვია. ოპოზიციური პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, საგარეჯოს მაცხოვრებლებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

სიტყვიერ შეკამათებას მალე ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა. ადგილობრივების თქმით, ხელჩართული ჩხუბი, "ნაციონალური მოძრაობის" პროვოცირებული იყო. დაპირისპირებულმა მხარეებმა, ერთმანეთის მისამართით, ქვები და ბოთლები ისროლეს.

ფიზიკური დაპირისპირების დროს, ადგილობრივებმა "კურიერის" გადამღები ჯგუფის ტექნიკაც დააზიანეს. ვითარება, ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ განიმუხტა.
დღეს, მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ, ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, თანაპარტიელებთან ერთად ბრიფინგი გამართა. ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ფიზიკურ დაპირისპირებაში საგარეჯოს საკრებულოს წევრები, ძალადობის ორგანიზებაში კი, ხელისუფლება და ძალოვანი სტრუქტურები დაადანაშაულა.

ბრალდებას უარყოფენ მმართველ გუნდში, სადაც დღეს კიდევ ერთხელ დაგმეს ძალადობა. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დესტრუქციული ქმედებებით, პოლარიზაციის გაღრმავებას ცდილობს.

დღევანდელი ინციდენტი არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების შეხვედრას, რეგიონში ხმაური მოყვა. ერთი კვირის წინ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა კასპშიც, სადაც ლევან ხაბეიშვილი მხარდამჭერებთან შესახვედრად ჩავიდა.

დღის ამბები