15 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
"ამას ჰქვია ელჩის გაძევება, რომელიც გამოხატავს უკიდურეს პროტესტს" - რომან გოცირიძე

"ევროოპტიმისტების" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, უკრაინიდან ელჩის გამოშვება "კონსულტაციების ჩასატარებლად", დიპლომატიურ ენაზე, ელჩის გაძევებას ნიშნავს. მისივე თქმით, ეს უკრაინის მხრიდან საქართველოს მიმართ უკიდურეს პროტესტს გამოხატავს.

"საქართველოს ელჩი გამოძევებულ იქნა უკრაინიდან, ჩვეულებრივად, ამას ჰქვია ელჩის გაძევება, ოღონდ დიპლომატიური სიტყვებითაა შეფუთული, რომ ის გამოუშვეს საქართველოში კონსულტაციების ჩასატარებლად. ეს არის საერთაშორისო დიპლომატიაში მიღებული ფორმა, რომელიც გამოხატავს უკიდურეს პროტესტს და საქართველოს ხელისუფლება იმსახურებს უკიდურეს პროტესტს," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"მოქალაქეების თავმჯდომარე" ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება უკრაინის პოლიტიკური დემარშის შემდეგ ადეკვატური იყო და ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ რეჟიმში უნდა გააგრძელოს უკრაინასთან ურთიერთობა.

"მე მომეწონა ამას წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება დიპლომატიურ დემარშზე, ძალიან მოზომილი და ადეკვატური იყო. მე ვიფიქრე ჩემთვის და ვიოცნებე, რომ იქნებ ამ რეჟიმში გააგრძელოს საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინასთან ურთიერთობა-მეთქი, იმიტომ, რომ არის პინგ-პონგი - ხან ერთი აშავებს, ხან მეორე, ხან ერთი გადაამლაშებს, ხან მეორე. მე არ ვიცი უკრაინა რა როლს ითამაშებს საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით, მაგრამ მე მაინც ყველაფრის მიუხედავად, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩმა უკრაინის ტერიტორია ქვეყნის ხელისუფლების მიერ მიცემული ვადის ამოწურვამდე დატოვა, თუმცა საქართველოში გიორგი ზაქარაშვილი მხოლოდ რამდენიმე დღეში დაბრუნდება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გიორგი ზაქარაშვილს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციების მიზეზით, უკრაინის 48 საათში დატოვება რამდენიმე დღის წინ მოსთხოვა.

დღის ამბები