15 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
ყველა, ვინც ამბობს, რომ ქვეყანამ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ან ამ ხელისუფლების პირობებში არ უნდა მიიღოს, არის დიდი მავნებლობა - ბექა ლილუაშვილი

"ევროპას ვეუბნები - არ მისცეთ ქართულ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი, არ ეკუთვნის" - "გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია"-ს ერთ-ერთი ლიდერის მურმან დუმბაძის ეს განცხადება დილიდან პოლიტიკური დისკუსიის თემაა. შეფასებები გააკეთეს ოპოზიციის წევრებმაც.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველო და ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუსს იმსახურებენ.

"მე ჩემი მოსაზრება შემიძლია გითხრათ, რომელიც არაერთხელ დამიფიქსირებია და რომელსაც ჩვენ, ასევე ვაფიქსირებთ ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე, რომ ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, იმსახურებს ევროპულ მომავალს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, იმის თქმა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს ან ამ ხელისუფლების პირობებში არ იმსახურებს, მავნებლობაა და ახლა ამის თქმა არ შეიძლება.

"ყველა ვინც ამბობს, რომ ქვეყანამ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ან ამ ხელისუფლების პირობებში არ უნდა მიიღოს, ვფიქრობ და ჩვენი პოზიციაა, რომ ეს არის ძალიან დიდი მავნებლობა და ამ განცხადებების ახლა გაკეთება არ შეიძლება. პირიქით, ჩვენ დღეს, არა კანდიდატის სტატუსზე, არამედ კარგი ხელისუფლების პირობებში, უნდა ვლაპარაკობდეთ გაწევრიანების დაჩქარებულ პროცესზე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დღის ამბები