15 ნოემბერი 2024,   14:07
ვრცლად
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა თბილისში - ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოს დღეს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად მზადაა

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესია პირველად ტარდება ქვეყანაში, რომლის სახელმწიფო და საპარლამენტო ენა ფრანგული არ არის. 

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ტრიბუნა აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამაც იმისთვის გამოიყენა, რომ პარტნიორებისთვის თბილისის მთავარი გზავნილი გადაეცა.

ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები და ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინი - პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოს დღეს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად მზადაა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ქვეყანა, რომელიც რეკომენდაციებს ასრულებს, უახლოეს მომავალში ევროპულ ოჯახს უნდა შეუერთდეს. ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური გზავნილები, ფრანკოფონიის ასამბლეაზე მისასალმებელი სიტყვის დროს გააჟღერა.

ფრანკოფონიის საპარლამენტო სესიას წელს თბილისი მასპინძლობს. შეხვედრა ასამბლეის არაწევრ სახელმწიფოში პირველად ტარდება. პრემიერმა მთავარი ტრიბუნიდან, საქართველოსა და საფრანგეთს შორის საუკუნოვან მეგობრობაზე, ასევე ორ ქვეყანას შორის პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

თბილისში შეკრებილ დელეგატებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემაც. შალვა პაპუაშვილის გზავნილები, რეგიონში საქართველოს როლსა და უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა.

პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ ტრიბუნა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა დაიკავა. ფრანსის დრუენმა სიტყვით გამოსვლის დროს, სესიის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ფრანკოფონია მსოფლიოს ფრანგულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის ორგანიზაციაა, რომელიც 57 ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაციაში შესვლის მთავარ კრიტერიუმად არა მხოლოდ ამა თუ იმ სახელმწიფოს მოსახლეობის ფრანგული ენის ფლობის დონე, არამედ, საფრანგეთთან კულტურული კავშირები ითვლება. საქართველო 2004 წლიდან საერთაშორისო გაერთიანებაში დამკვირვებლის სტატუსით იყო წარმოდგენილი. 2021 წლის მიმართვის საფუძველზე კი ქვეყანა დღეს, ფრანკოფონიის ასოცირებული წევრი გახდა.

 

 

 

 

 

დღის ამბები