15 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
ვაშინგტონის დასტური თბილისს - ვილნიუსის სამიტამდე თეთრი სახლის წარმომადგენელი მსოფლიოს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ საქართველო ნატოს ურყევ პარტნიორად რჩება

ნატოს შეკრებამდე 3 დღით ადრე, ვაშინგტონი თბილისში დასტურს გზავნის, რომ საქართველო ალიანსის ურყევ პარტნიორად რჩება, რომლის ჩრდილო-ატლანტიკურ სწრაფვასაც თეთრ სახლში მხარს უჭერენ. "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელს ქვეყნისთვის არც იმის შეხსენება ავიწყდება, რომ საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები აქვს გასატარებელი, იმისათვის, რომ ალიანსის ღირსეული წევრი ეწოდოს.

გზავნილად კარგად ჟღერს, თუმცა რას უნდა ელოდოს საქართველო ვილნიუსის სამიტისგან პრაქტიკული თვალსაზრისით? ოპოზიციაში შიშობენ, რომ ახალს არაფერს. მიზეზად კი თბილისისგან პოლიტიკური ნების არქონას ასახელებენ. "ქართული ოცნება" სხვა აზრზეა.

სამიტის მოახლოებასთან ერთად საქართველო-ნატოს მომავალზე დისკუსიები გაცხარდა. ოპოზიციაში თვლიან, რომ საქართველოს არსებითად არაფერი მოუთხოვია, ამიტომ არსებითს ვერაფერს მიიღებს. გზავნილები კი თბილისთან მიმართებაში "ღია კარის პოლიტიკასა" და რუსული ოკუპაციის დაგმობით შემოიფარგლება - მაშინ. როდესაც უკრაინამ, შესაძლოა, ვილნიუსში მოკავშირეებისგან ნატოს წევრობისთვის გამარტივებული პირობა მიიღოს.

მმართველ გუნდში თვლიან, რომ პოლიტიკური ნება არა მათ, არამედ ნატოს დააკლდა, როდესაც ჯერ კიდევ 2008 წელს ქვეყანა მაპის გარეშე დატოვა. დღევანდელ რეალობაში კი, მათი თქმით, ნატოში გაწევრიანება "მეტი ან ნაკლები დამსახურების პრინციპით" არ ხდება - ამას სხვა ფაქტორები წყვეტს. ოპონენტებს ურჩევენ გაიხსენონ, რომ დასავლური ინტეგრაცია ქვეყნის კონსტიტუციური არჩევანია, საქართველო კი ნატოს გამორჩეული პარტნიორი. "ოცნება" ნატოსგან მეტ პოლიტიკურ თუ სამხედრო გარანტიებს და სითამამეს ელის.

იმას, რომ საქართველო ნატოს უნიკალური პარტნიორია, სახელმწიფო დეპარტამენტშიც იზიარებენ, ვისთან მუშაობის გაგრძელებაც დიდი ხანია, შეთანხმებულია. აშშ-ის ელჩი ნატოში ვილნიუსში გასაფრენად ემზადება, მანამდე კი საქართველოზე საუბრობს,მათ შორის, იხსენებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტს.

საქართველოს ნატოს ვილნიუსის სამიტზე საგარეო საქმთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი წარმოადგენს, რომელიც ლიდეების შეხვედრის შემდეგ ჩანიშნულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. იენს სტოლტენბერგმა "რუსთავი 2-ს" დაუსასტურა, რომ ალიანსი იმ ქვეყნებთან პარტნიორობას გააძლიერებს,რომლებიც რუსული ჩარევისგან არიან დაუცველები და მოსკოვის ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.

ნატო დაადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ასევე, საქართველოს უფლების მიმართ, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა.

დღის ამბები